Jump to content
Planeta.Ge

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს.

ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა.

„სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ცვლილების მიზანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია, 2023 წლის პირველ სექტემბრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან. ასევე, ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში. ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...