Jump to content
Planeta.Ge

100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები


2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია.

გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები ესაზღვრება. ნაკვეთს ორ მხარეს აქვს, ასევე, გზაზე გასასვლელი.

%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%

მონიშნულია გიორგი ამილახვრის ნაკვეთი

ძვირადღირებული მაჯის საათები განათლების კომიტეტის თავმჯდომარესაც ჰყვარებია. თუმცა საათი ერთადერთი ნივთი არ არის, რაშიც გიორგი ამილახვარი დიდ თანხას იხდის, გასულ წლებში ოჯახი ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებსაც ყიდულობდა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს 2022 წელს საათში 9700 ევრო გადაუხდია, ეს დაახლოებით 30 000 ლარია. ძვირადღირებული საათი შეუძენია პარლამენტარის მეუღლესაც, მას 4900 ევრო ანუ 15000 ლარი გადაუხდია. საათების ბრენდი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2022 წელს პარლამენტარის მეუღლემ კიდევ ერთი ძვირადღირებული ნივთი იყიდა, მან ოქროს ბეჭედში 3200 ევრო გადაიხადა, ტანსაცმელში კი მხოლოდ 2022 წელს პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 50 000 ლარი დახარჯეს.

შვილების სწავლის დასაფინანსებლად გასულ წელს პარლამენტარის მეუღლეს 25 000 ლარი და 5900 აშშ დოლარი გადაუხდია – ჯამში 42 000 ლარი. მათი ორივე შვილი სკოლის ასაკისაა. შვილების სახელზე ამილახვარს „პროკრედიტ ბანკში“ ანაბარიც აქვს გახსნილი, ორივე შემნახველ ანგარიშზე ჯამში 50 000-ზე მეტი დოლარი ირიცხება.

საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 70 000 ლარი დახარჯეს, სახლის რემონტისთვის კი – 20 000 ლარი.

რაც შეეხება შემოსავლებს, თავად გიორგი ამილახვრის შემოსავალი გასულ წელს 47 157 ლარი იყო, ამას ემატება ფართობის გაქირავებიდან მიღებული 18 816 ლარი.

პარლამენტარის მეუღლემ კი ნახევარ მილიონზე მეტი [633 913] ლარი გამოიმუშავა. ის შპს „თოუ დეველოპმენტის“ ასი პროცენტის მფლობელი და დირექტორია. რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას 2013 წელს, მისი დაფუძნების დღიდან, თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის მართვაში მეუღლეს გადასცა.

პარლამენტარის მეუღლე არის ასევე შპს „ნიმის“  და „ნიმი 1“ – ის დირექტორი, ამ კომპანიებს გიორგი ამილახვარი ფლობს.

3 კომპანიის მართვასთან ერთად პარლამენტარის მეუღლე 2 უნივერსიტეტშიც მუშაობს – ის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა გიორგი ამილახვარი, ვიდრე მას „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ჩაწერდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თბილისის ღია  სასწავლო უნივერსიტეტის  50 პროცენტს გიორგი ამილახვრის მამა, ზაურ ამილახვარი ფლობდა. 2012 წლიდან კი ის უნივერსიტეტის ასი პროცენტის მფლობელი იყო, თავად ფიქსირდებოდა დირექტორადაც. 2017 წლიდან კომპანიის თანადირექტორად გიორგი ამილახვარი დანიშნეს. 2021 წლის თებერვალში რეესტრში ასახული მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტის მფლობელი „ველოქს ედიუქეიშენია“.

უნივერსიტეტი გაყიდეს, ცვლილების ასახვამდე კი რეესტრს გარიგების ფინანსური ნაწილის გასაიდუმლოება სთხოვეს.

ამ კომპანიის წილებს ექვსი ბიზნესმენი ინაწილებს. მათ შორის არიან: რამაზ კუკულაძე -„ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე [32.5%] , მარიამ მეღვინეთუხუცესი, „საქართველოს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [9.5%], ბიზნესმენი, „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის ყოფილი  მოადგილე დავით წიკლაური [14%], ავთანდილ ნამიჩეიშვილი – სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [ 11%] ნიკოლოზ გამყრელიძე – „GHG-ის გენერალური დირექტორი [ 11%] , არჩილ კონცელიძე -VTB ბანკის გენერალური დირექტორი [ 12.5%],  ვანო ბალიაშვილი, [9.5%] „თი ბი სი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.

გიორგი ამილახვრის ავტომანქანის ფასი მინიმუმ 200 000 ლარია – „Mercedes GLE 450“- ში 2019 წელს მას 76 000 ევრო გადაუხდია.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახს სესხი და შესაბამისად, საბანკო ვალდებულებები არ აქვს.

batumelebi.netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...