Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია განაახლა - The Guardian-ი


შეერთებულმა შტატებმა განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაციის პრაქტიკა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, საიმიგრაციო კანონები დაარღვიეს. ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი დეპორტაციები შეწყდა, მაგრამ ახლა ის კვლავ ხორციელდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian იუწყება.


ადვოკატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი, რომელიც რუსეთის არმიაში მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუსეთში დააბრუნეს. გამოცემა მის სახელს არ ამხელს. ვარაუდობენ, რომ მან, ისევე როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეებმა, გასულ წელს შეერთებულ შტატებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს.

„გარდიანის“ თანახმად, რუსეთიდან თავშესაფრის სხვა მაძიებლები ახლა „შეშინებული არიან“ იმით, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ შეიძლება მათი დეპორტაციაც მოახდინოს რუსეთში, სადაც მათ სისხლის სამართლის დევნა ან ფრონტზე გაგზავნა ემუქრებათ.

აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტომ (ICE) ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ იგი ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის რუსების, დეპორტაციას, "კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად." სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააგენტო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთის მოქალაქეთა დეპორტაცია განახლდა. უცნობია, როდის მოხდა ეს, თეთრმა სახლმა „გარდიანის“ შესაბამის კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ბევრი რუსი, რომელსაც არ ჰქონდა ამერიკული ვიზა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ ჩაფრინდა მექსიკაში და უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი შეერთებულ შტატებთან, რომლისგანაც ითხოვა თავშესაფარი იმ იმედით, რომ უკრაინაში ომის გამო, სამშობლოში მათი დეპორტაცია არ მოხდებოდა.


„გარდიანის“ მიერ ციტირებული ადვოკატების თანახმად, მათი კლიენტები ახლა შიშობენ, რომ სავარაუდოდ მოხდება მათი დეპორტაცია. სასამართლოებმა რამდენიმე შემთხვევაში უკვე დაადგინეს, რომ რუსეთის ჯარში გაწვევის შესაძლებლობა თავისთავად არ აკმაყოფილებს აშშ-ში თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...