მარინა კაჭარავა - დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს
დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს, შევიდეს მის ოჯახში, დაათვალიეროს მისი გვერდი, მისწეროს რაღაც ინფორმაცია, გაუსაჯაროოს და ა.შ. ეს არის კიბერბულინგი, რაც კიდევ უფრო აგრესიულ ფორმებს იღებს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, კიბერბულინგს და საზოგადოების მუდმივ დაპირისპირებას შესაძლოა, დისტრესი მოჰყვეს.
„ამას შედეგად შეიძლება, მოჰყვეს დისტრესი, რომელიც იწვევს პოსტპიტიეზდის ე.წ დაავადებას. შეიძლება, უკვე მთლიანად საზოგადოების დიდი ნაწილი იყოს დაავადებული, რადგან, რეალურად, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვართ. არის მუდმივი სტრესი, მუდმივი ჯანჯღარი, ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა“, – განაცხადა კაჭარავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს ამ დაპირისპირების პრევენციისთვის, მარინა კაჭარავამ განაცხადა, რომ ალბათ ოჯახებმა, სკოლებმა თუ მედიამ მეტი უნდა გააკეთონ, რომ ადამიანებმა მეტი მიმღებლობა, ადამიანის პატივისცემა და მისი უპირობო მიღება ვისწავლოთ.
„ვისაც სად შეუძლია, სკოლებში იქნება ეს თუ ტელევიზიებში, ალბათ ეს უნდა გავაკეთოთ. მეტი სიყვარული და სიკეთე, მეტი ჩახუტება, მოფერება და ადამიანების მეტი მიღებაა საჭირო. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ვეღარ და აღარ უყურებს ტელევიზორს და ინტერნეტის საშუალებით უყურებს გადაცემებს. ტელევიზორთან ჯდომა უკვე თითქმის აუტანელი და შეუძლებელი გახდა, რადგან თითქოს ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ისმის, არის დაცინვა, ცინიზმი და პიროვნების უკიდურესი შეურაცხყოფა. შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს უტოპიურია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იმავე ფსიქოთერაპიაში ყველანაირი ადამიანი მოდის და უპირობო პოზიტიური მიმღებლობა გაქვს მისი“, – განაცხადა კაჭარავამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ტიპის საზოგადოების მივიღებთ ამ ვითარებაში, ჰუმანიზმისგან დაცლილს, რომლისთვისაც ემპათიის განცდა უცხო იქნება თუ ჯერ კიდევ არის იმედი, ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ ეს არის ტალღა და ასეთი ტალღები ჩვენი ისტორიის განმავლობაში არაერთი ყოფილა, რომელიც ინსპირირებულია შიდა თუ გარე ფაქტორებით, თუმცა, მისი თქმით, ამ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.