დიმიტრი ხუნდაძის სიძე ამერიკაში არალეგალურად წავიდა
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძის შვილის ქმარი, მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ადასტურებენ როგორც მირიან ოქროპირიძის დედა, ასევე დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე. ორივე მათგანი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოქროპირიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა:
„ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა,“: — ამბობს ოქროპირიძის დედა.
დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე ასევე აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ აშშ-ში წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ოჯახი მისი ამ ნაბიჯით უკმაყოფილოა:
„[ვიზა] არ ჰქონია, ზუსტად არ ვიცი რით [რა გზით] წავიდა, მაგრამ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ჩვენი პირადი ცხოვრებაა. მეც მთელი ჩემი ოჯახიც, მამაჩემიც არის ძალიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ მას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში,” – ამბობს თიკა ხუნდაძე.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ში წასვლამდე დიმიტრი ხუნდაძის სიძე ქვემო ქართლის სატყეო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის მიერ გასულ კვირაში პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია. საზოგადოების პროტესტის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. დოკუმენტს აქტიურად აკრიტიკებდნენ როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ევროკავშირის პრეს-სპიკერი, პიტერ სტანო აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ორს არღვევდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი კი აცხადებდა, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებდა, აშშ-ს გაუჭირდებოდა საქართველოსთვის ყოფილიყო ისეთივე სტრატეგიული პარტნიორი, როგორც მანამდე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.