მოგიწოდებთ, გააძლიეროთ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ვალდებულებები - კლევერლი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დღეს, 17 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია.
"საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, 1987 წელს.
იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები იმათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოუთხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი", - თქვა კლევერლიმ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
კლევერლი თავის სიტყვაში ასევე მიესალმა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას:
"ჩვენ ძლიერად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც სანქციებთან დაკავშირებით, ისე უკრაინელების მიღებით.
ისევე, როგორც უკრაინაში, სუვერენული უფლება, რომ ქართველმა ხალხმა განსაზღვროს თავისი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, გარე ჩარევის გარეშე, უნდა იყოს პატივნაცემი და დაცული".
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ თანამშრომლობაზეც და თქვა, რომ თავდაცვის გარდა, ის ასევე მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით:
"ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც ნატოს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით".
ჯეიმს კლევერლის ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.
უწყება წერს, რომ განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.