Jump to content
Planeta.Ge

შეიცვლება თუ არა 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?


უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12
შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბავშვს ყელტან მცირე დაზიანება ჰქონდა, რადიო თავსუფლების ინფორმაციით, იმდენად უმნიშვნელო, რომ ის არ უნდა გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სახელდება საკვებით ასფიქსია. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ასეთ მცირე დროში შეუძლებელია, საბოლოო დასკვნა კი გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე ამ ინფორმაციას ოფიციაურად არ ადასტურებს.

სად ნახეს ანა?

ჯაგნარით გარშემორტყული ტერიტორია, სადაც 12 წლის ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ტერიტორია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და ავტოფარეხებითაა გარშემორტყმული.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

მანუჩარ დვალი, ანას ბებიის ძმა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საღამოს 9 საათისთვის ანა უფროს დეიდაშვილთან ერთად, ეზოში სასეირნოდ გავიდა:

მანუჩარ დვალი
მანუჩარ დვალი

„საღსალამათი, ჯანსაღი ბავშვი ვიპოვეთ გაგუდული ბუჩქებში. რა ვთქვა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანო. ძალადობა და გაუპატიურება არ არისო, მაგრამ ვერ გავიგეთ. კრიმინალისტები იტყვიან, რა არის და როგორ არის. იმ ტერიტორიაზე ბავშვები სულ ტრიალებენ. ზოგი სეირნობს, ზოგი ეწევა. ანა და მისი დეიდაშვილი იყვნენ ერთად. [დეიდაშვილი] დაახლოებით 9 საათისთვის ამოვიდა სახლში, ანას უთქვამს, მე ერთ წრეს კიდევ დავარტყამ და ამოვალო, „ჩიფსებს“ ჭამდა თუ რაღაცას... ერთ სართულზე ცხოვრობენ ჩემი დის შვილები. ანას დედას ეგონა, რომ ბავშვი დეიდასთან იყო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ანა სახლში არ ასულა და მაშინვე დაიწყეს ძებნა“.

როგორც ადგილობრივები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ბავშვის გაუჩინარებამდე მათ არ გაუგიათ არც ყვირილის ხმა და არც ეზოში შეუნიშნავთ რაიმე საეჭვო ვითარება:

„აქვე ვცხოვრობ, ამ კორპუსში. სწორედ ამ ტერიტორიას უყურებს ჩვენი ფანჯრები. ხმაური მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ბავშვის ძებნა დაიწყეს. სასწრაფო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გონზე მოყვანას, როგორც მივხვდი, გულის მასაჟსაც უკეთებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. დაზუსტებით იმის თქმაც არ შემიძლია, ბავშვი რომ იპოვეს უკვე გარდაცვლილი იყო თუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“, - გვეუბნება პეტრიწის 12 ნომერში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი.

როგორ ახასიათებენ ადგილობრივები ტერიტორიას, სადაც ანა იპოვეს?

ტერიტორიაზე, სადაც ანა იპოვეს, გარე განათება არ არის და მთლიანადაა გარშემოტყმული ბუჩქებითა და ჯაგნარით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებს:

01000000-c0a8-0242-72c4-08db26d1eb53_w65

„ძალიან არ მიყვარს ამ გზაზე გამოვლა. განსაკუთრებით უკვე შებინდებულზე. ისეთი სიბნელეა ხოლმე აქ, რომ ტელეფონით თუ არ გაანათე, არაფერი ჩანს. თქვენც ხედავთ, ნაგავსაყრელადაა ქცეული. გამოყენებული შპრიცები ყრია. სკოლიდან რომ მომყავს ხოლმე შვილიშვილი, ვცდილობ, რომ დროზე გადმოვიარო ეს ადგილი, ან შედარებით გრძელი გზით წავიდეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადგილობრივი.

ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც 12 წლის მოზარდი იპოვეს, რამდენიმე გარე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ერთ-ერთი კამერა იქვე, მშენებარე ობიექტზეა მიმაგრებული, მეორე - ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე საკვებ ობიექტზე. მართალია კონრეტულად ის სივრცე, სადაც ანა ნახეს, ამ კამერების ობიექტივში არ ხვდება, თუმცა, კამერები ტერიტორიისკენ მიმავალ გზებს, სავარაუდოდ, კარგად უნდა აფიქსირდებდეს.

ადგილობრივები მომხდარის გამო შეშინებულები არიან. ისინი მოითხოვენ როგორც მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებას, ისე ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის გასუფთავებას და ტერიტორიაზე გარე განათებების დამონტაჟებას:

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

„პატარა დის შვილები მყავს. ამ ამბის შემდეგ, არ ვიცი, გარეთ როგორ უნდა გავუშვა. ყველანი ასე ვფიქრობთ. თქვენც ხომ ხედავთ გარშემო რა ხდება. ახლა კიდევ რა უჭირს, ხეების ტოტები მოჭრეს, აქამდე სრულიად დაბურული ტერიტორია იყო“, - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ლელო არენა"
"ლელო არენა"

„ლელო არენას“ ორივე გზა ჩაბნელებულია. პეტრიწის ქუჩაზე მცხოვრებნი დამეთანხმებიან, რომ ამ ჩაბნელებულ ქუჩებზე ტელეფონების ფანრებით დავდივართ. სანამ რამე არ მოხდება, მანამდე ყველა ჩუმად არის ხოლმე. ამ ბავშვმა რა დააშავა?“

12 წლის ანას ცხედარი უკვე გადაასვენეს სახლში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...