ისრაელი უკრაინას ირანულ დრონებთან საბრძოლველ სისტემებს გადასცემს
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ირანულ დრონებთან რადიო-ელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაცემა. ლიცენზიები განკუთვნილია უკრაინისთვის, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავების იერიშებს. ამის შესახებ ისრაელის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
უკრაინის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სისტემა წარმოშობს სიხშირეების ჩამხშობ ტალღებს და ამით დრონებს ორიენტაციის საშუალებას უსპობს.
საექსპორტო ლიცენზიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა.
ისრაელში ყოფნის დროს უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად უკრაინულ ჯარს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემები სჭირდება. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის არმიამ დრონებისგან დაცვის ეფექტიანობის ამაღლება შეძლო.
აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების საექსპორტო ლიცენზიების დამტკიცების შესახებ.
განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, შუმერი აღნიშნავს, რომ უპილოტო თვითმფრინავები "საშინელ ზიანს აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, იწვევენ ადამიანების სიკვდილს ან დასახიჩრებას." სენატორის თქმით, ისრაელში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ბოლო ვიზიტის დროს, მან და მისმა კოლეგებმა ზეწოლა მოახდინეს ისრაელის მთავრობაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას უპილოტო ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც.
გასული წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.