Jump to content
Planeta.Ge

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - ასევე, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ საქართველოს მომავალთან მიმართებაში თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი


ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.

"რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯეიმს კლევერლი საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად".

"ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის.

"ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, მაგრამ ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...