Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ხალხის ნებას აღარ გამოხატავს - ამ ადამიანებს შუბლის ძარღვი უკვე საერთოდ გაწყვეტილი აქვთ


შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ, ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ის უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან გადაცემაში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას რუსეთში მოჰყვა ის, რომ თავისუფალი სიტყვა და არასამთავრობო სექტორი არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონის მიღებით, გარდა იმისა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს, არ უნდა, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, მიზეზი მარტივია, „ოცნებას“ უნდა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მმართველობის ეს მოდელი, რაც ქვეყანაში არსებობს- არაფორმალური, უკანონოდ კონსოლიდირებული ძალიან დიდი ძალა, რომელიც ერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი.

„ეს რომ შეინარჩუნო, კანდიდატის სტატუსთან და ევროპულ ღირებულებებთან ეს ყველაფერი შეუთავსებელია. ამიტომ, ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ მან ძალაუფლება შეინარჩუნოს, უარი უნდა თქვას კანდიდატის სტატუსზე და ადამიანებს ევროპული მომავალი უნდა წაართვას. ეს არის „ოცნების“ გადაწყვეტილებების ანატომია და ნაბიჯებიც აქეთკენ იყო გადადგმული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება იყო სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

„მე ძალიან ვერიდები ხოლმე ტერმინის - მოღალატის გამოყენებას, მაგრამ ეს იყო წითელი ხაზი, დიახ, სახელმწიფო ინტერესების ღალატი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამ ადამიანებს ამ სტატუსის ტარება მოუწევთ. იმ 78 ადამიანს, რომელმაც ამ კანონპროექტს ხმა მისცა, მოუწევს ამ სახელის ქვეშ ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაგრძელება. ეს ხალხი შესანიშნავად აცნობიერებდა, რისკენ იყო ეს ყველაფერი მიმართული და რა შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალური იქნება. გასაგებია, ვისი მხრიდან იყო ეს ქვეყანა მართული, გასაგებია, რომ ბატონი ივანიშვილის ინტერესია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაა კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, რომელიც მთელი ეს პერიოდი დამალული იყო და თითქოს რაღაც პოზიტიურ საკითხებზე ცდილობს ხოლმე [გადართვას]. ეს ორი ირაკლი ზოგადად, ერთმანეთს ეჯიბრება, თითქოს რუსეთის დასანახად, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელს უფრო მეტი მავნებლობის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, რეალური ხალხის ძალა ქუჩაში მეორედ იდგა, პირველად ეს იყო, როდესაც პროევროპული ხალხის რეაქციამ ხელისუფლება აიძულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გაეკეთებინა, მეორედ კი რეალურმა ხალხის ძალამ ხელისუფლება აიძულა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი უკან გაეწვია.

„12 პუნქტია შესასრულებელი, რომლის შესრულებას, გვითხრეს, რომ არ აპირებენ. სხვათა შორის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ვფიქრობ, პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა, დაივიწყა წარსული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს გატარებული. ამ ადამიანებს შუბლის ძარღვი უკვე საერთოდ გაწყვეტილი აქვთ. ის არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და ასეთი რამ თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ეს ადამიანი უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ იმას, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა პირდაპირ ზღვარი გაავლეს - სიბნელის მხარეს დგას ხელისუფლება, ისინი რუსული სცენარით მოქმედებენ, ჩვენ გვყავს ანტიდასავლური ხელისუფლება და ამას სახელი თამამად დავარქვათ და გვყავს პროევროპული ხალხი. ანუ ხელისუფლება ხალხის ნებას აღარ გამოხატავს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლებელია გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. მისივე განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ყოველდღიურად ხვდება საქართველოში ელჩებს, ასევე პარტიას წერილები გაგზავნილი აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებთან, რათა დაარწმუნონ პარტნიორები, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, „თუნდაც ასეთი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი გახდება ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...