Jump to content
Planeta.Ge

„უცხოური აგენტების“ კანონის გამო მოსკოვმა კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია გაკოტრებულად გამოაცხადა


13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება.

გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) აღნიშნავს, რომ RFE/RL-ის გაკოტრება რუსეთში ცხადყოფს, თუ როგორ გამოიყენეს ქვეყნის კანონმდებლობა ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტების“ შესახებ მედიასაშუალების ეკონომიკური გზით

„რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს რადიო თავისუფლების მუშაობაში ხელის შეშლა, გააუქმოს დრაკონული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და მისცეს მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება“, – აცხადებს CPJ.

გაკოტრების საქმის წარმოება რუსეთის საგადასახადო ორგანოებმა 2022 წელს დაიწყეს; „რადიო თავისუფლებამ“ მაშინ განაცხადა, რომ სამართალწარმოება იყო მაუწყებლის წინააღმდეგ მრავალწლიანი ზეწოლის კამპანიის კულმინაცია. ხელისუფლებამ მანამდე, 2021 წლის მაისში გაყინა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

რუსეთის ხელისუფლებამ ასევე „რადიო თავისუფლების“ 30-ზე მეტი ჟურნალისტი „უცხოელი აგენტების“ რეესტრში ინდივიდუალურად დაარეგისტრირა და მაუწყებლის რამდენიმე ვებგვერდი დაბლოკა უკრაინაში  სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფლება 27 ენაზე მაუწყებლობს 23 ქვეყანაში, ძირითადად – იმ ქვეყნებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...