შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების წაკითხვა და ისე მიტანა ადრესატამდე, ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როცა კორესპონდენციას ამოწმებდნენ
საქართველოს პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა გუშინ წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა.
„გუშინ წიგნთან დაკავშირებული საკითხი, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა, აჩვენებს, რამდენად რადიკალურია ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, „ლელო“ რამდენად ცდილობს, არიოს სიტუაცია. სხვათა შორის, ეჭვიც მეპარება, როგორ მოხდა იმის ინიცირება, რომ ავტორს მოეტანა ეს წიგნი. საქართველოს პარლამენტში არსებობს კანცელარია, რომელიც, მათ შორის, ასრულებს ფოსტის მოვალეობას – კორესპონდენცია, რომელიც შემოდის საქართველოს პარლამენტში, მიეწოდოს შესაბამის ადრესატს. დღეში 200-მდე კორესპონდენცია შემოდის პარლამენტში როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური სახით. კანცელარიის ვალდებულებაა, ეს კორესპონდენცია მიაწოდოს ადრესატს. კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ. ერთდღიანი აჟიოტაჟის მიზანი ყალბი თემის შემოტანა იყო.
საქართველოს პარლამენტის კანცელარიის ვალდებულებაა, კორესპონდენციაა, რომელიც შემოდის პარლამენტში, მიიტანოს ადრესატამდე ყოველგვარი კონტროლის გარეშე. გუშინ კლასიკური მაგალითი ვიხილეთ, როგორ ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და კულტივირება. ვნახეთ „ლელო“, რადიკალური პარტია, რომელიც მანიპულაციურად მიუდგა ამ საკითხს, რაც სამწუხაროა. ადამიანები, რომლებიც გუშინ პოსტავდნენ და კომენტარს აკეთებდნენ – ფრაქციის თანამშრომლები, ასევე არიან საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. ამ განცხადებით ისინი საკუთარ თანამშრომლებს, კოლეგებს აყენებენ შეურაცხყოფას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერც აცნობიერებენ. შემდეგ ნახეთ, როგორ აიტაცა მედიამ, როგორ შეეცადნენ, გარეთ გაეტანათ მანიპულაციურად და ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის დაებრალებინათ. აბსოლუტურად არასერიოზული სიტუაციაა. ამისი გამოსავალი თუ არის, მოქალაქეებს არ მივცეთ საშუალება, პარლამენტის წევრებს მიმართონ წერილებით, არ ვიცი, სხვა რა უნდა ითქვას“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.