იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას.
14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.
13 მარტს სამი პარტიის - „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა გამართეს ბრიფინგი. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავი უწყებები გამოკითხვაზე იბარებენ 7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუსმა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება გამოკითხვაზე. პირველი, რაც უნდა ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.
მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს", - განაცხადა პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მოქალაქეებს ოპოზიციური პარტიებიც ჰპირდებიან დახმარებას.
12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.
2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
მათ მიმართეს პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვეს, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო.
ამ პროცესს მოჰყვა რამდენიმედღიანი მასშტაბური აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტი "ჩააგდო".
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.