ანტისახელმწიფოებრივი კანონის ავტორს, სოზარ სუბარს ჩამოერთვას ფოთის საპატიო მოქალაქეობა - პეტიცია
სამოქალაქო პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ პეტიცია შეადგინა, სადაც ხელმომწერები მიმართავენ ფოთის მერიასა და საკრებულოს, ჩამოერთვას სოზარ სუბარს ფოთის საპატიო მოქალაქეობა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი – ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწიირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზიანებდა.
გამომდინარე აქედან, პროტესტის ნიშნად, ვითხოვთ, სოზარ სუბარს ჩამოერთვას ფოთის საპატიო მოქალაქეობის წოდება, რომელიც, 2017 წელს, ქალაქის იმდროინდელმა მერმა, ირაკლი კაკულიამ (ის დღეს კორუფციის ბრალდებით იხდის სასჯელს) მიანიჭა.
მიგვაჩნია, რომ სოზარ სუბარისთვის საპატიო მოქალაქეობა, არც მინიჭების მომენტში და არც ახლა შეესაბამება ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2016 წლის №6/12 დადგენილებაში გაწერილ კრიტრიუმებს, რომლის თანახმადაც, “საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის”.
მიგვაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივი კანონის ავტორი, ვერანაირი მაგალითი ფოთელებისთვის ვერ იქნება, მით უფრო, ფოთისთვის უანგარო სამსახურსა და განსაკუთრებულ ღვაწლში, ის არასოდეს ყოფილა შემჩნეული.
ასევე, ვითხოვთ, რომ აღნიშნული წოდების მინიჭება გახდეს საზოგადოების საყოველთაო განხილვისა და მსჯელობის საგანი, საკრებულოს დადგენილებაში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, მკაფიოდ დადგინდეს კანდიდატთა დამსახურებისა და ღვაწლის რელევანტურობა ამ კრიტერიუმებთან, რათა გამოირიცხოს მსგავსი შეუსაბამობა მომავალში, “- ნათქვამია პეტიციაში.
სოზარ სუბარი „ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატებისგან შემდგარი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელია. ასევე, ის არის ერთ-ერთი ავტორი რუსული კანონპროექტისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მან ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მმართველმა ძალამ ეს კანონპროექტი ჩააგდო და უარი თქვა მის განხილვაზე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.