Jump to content
Planeta.Ge

მაქსიმ გვინჯია: უკრაინა უბიძგებს საქართველოს ახალი კონფრონტაციისკენ, რომლის შედეგადაც საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი


ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პროპაგანდისტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. უფრო მეტიც, ,,უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციების უკან, რუსეთი სულ უფრო და უფრო ეძებს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების კვალს.

მათი აზრით, ისინი არათუ ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და უკრაინული ,,მაიდანის“ მოწყობას ცდილობენ, ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც კი აძლევენ მითითებებს და კარნახობენ, რა როგორ უნდა თქვას.

ამ თემების ვრცელ მიმოხილვას მიეძღვნა გუშინ ტელეარხ Соловьев Live-ის ეთერში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის თანაშემწესთან, მაქსიმ გვინჯიასთან ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა მარატ ბულატოვმა ჩაიწერა.

მათი საუბარი დაიწყო იმ ფაქტის გარჩევით, თბილისში განვითარებული მოვლენები, შეიძლება თუ არა ,,ახალი მაიდანის“ საფუძველი გახდეს, რაზეც ორივეს აზრი ერთმანეთს დაემთხვა.   

,,ყველა მახასიათებლით, გავრცელებული ვიდეოკადრებიდანაც კარგად ჩანს, რომ სახეზეა ,,მაიდანის“ მცდელობა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად ხდება და გასაკვირი არაფერია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ,,მაიდანის“ უკან განსაზღვრული ძალები დგანან, ისევე, როგორც იდგნენ უკრაინაში და პრაქტიკულად, თანდათან სიტუაცია ისე შეიძლება შეიცვალოს, რომ ძალიან ტრაგიკული შედეგები მივიღოთ. რადიკალური ძალები, რომლებიც დღეს უმცირესობაში არიან, სამწუხაროდ, მთლიან სურათს ცვლიან. ისინი შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდნენ და დაიწყონ ომი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“ - განაცხადა მაქსიმ გვინჯიამ.

რუსმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა: როგორ გამოდის, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც მიღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რატომღაც აქ აღარ მოსწონთ. ხომ არ არის ეს უბრალოდ თვალის ასახვევად და სიტუაციის ასარევად გამოყენებული საბაბი? კითხვაზე, ეგრეთწოდებული პრეზიდენტის თანაშემწემ უპასუხა, რომ ეს ყოველივე ნამდვილად ვითარების ასარევად და არასტაბილურობის შესაქმნელად არის მოფიქრებული.

,,ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონის მიღების პროცესში ძირითად ანტაგონისტად ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის. ამასან, ბარელიც აღნიშნავს, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

Quote

 

ეს კანონი ამერიკაში არ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, საქართველოში კი, რატომღაც ეწინააღმდეგება.

საქართველოში აშშ-ს ელჩიც ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა, ნედ პრაისმაც განაცხადა, რომ ეს კანონი რუსეთისგან არის თავსმოხვეული. საერთოდ არ მესმის, როგორ უნდა ითქვას, რომ რუსეთმა საქართველოს შეიძლება რომელიმე კანონის მიღება მოახვიოს თავს? ეს რაღაც მორიგი პარადოქსია და ჩანს, რომ ამერიკელების მიზანი, მეორე ,,მაიდანის“ მოწყობაა, რაც მეორე ფრონტის გახსნამდე მიგვიყვანს...

 

საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდში პრეზიდენტი იმყოფება ამერიკაში, გამოდის თავისუფლების ქანდაკების ფონზე და ამბობს სიტყვას. როგორ ფიქრობთ, მას იქ კონსულტაციას არ გაუწევდნენ, რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა შეეფასებინა ეს კანონი. ამიტომაც ყველა წინაპირობა იკვეთება, მით უმეტეს, როცა რუსეთისთვის მეორე ფრონტის არსებობა ძალიან სახიფათოა, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში უკრაინის სცენარი განვითარდეს.“ - აღნიშნა გვინჯიამ.

საკითხი შეეხო თბილისის აქციის მონაწილეების მხრიდან სოხუმის ხსენებასაც, რაზეც ღვინჯიამ განაცხადა, რომ ასეთი არეულობის და ასეთი რადიკალური მოწოდებების ავტორები, უპირველესად, უკრაინელი ,,გასტროლიორები“ არიან.

მისი თქმით, აქციებზე ძალიან ბევრი უკრინის დროშა იყო და პარლამენტთან ძალიან ბევრი სლავური იერ-სახის ადამიანიც ჩანდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინელები იყვნენ.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყოველივე ძალიან გვაღელვებს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სპეცოპერაციის დაწყების დღიდან, მეტ-ნაკლებად რაციონალურად მოქმედებს და მეორე ფრონტის გახსნას ეწინააღმდეგება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ნამდვილად მშვიდობიან პროცესებს ირჩევს, ისინი ახალი ომისკენ არ ისწრაფვიან. მაგრამ ჩვენ გვაშინებს ის რადიკალური ძალა, რომელიც შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში და ომის დაწყება მოინდომოს.“ - განაცხადა გვინჯიამ.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში პრევენციული ზომები ,,სპეცოპერაციის“ დაწყების დღიდან მიიღეს, გალის რაიონში სპეციალური წვრთნები ამ დღეებშიც მინდინარეობს და რა თქმა უნდა, უარესი შემთხვევისთვისაც ემზადებიან, თუმცა მაინც მშვიდობის იმედი აქვთ.

რაც შეეხება მობილიზაციას, ის ამბობს, რომ ამ საკითხში ერთიანები არიან და ,,სამშობლოს დასაცავად“ რაიმე განსაკუთრებული აგიტაცია არ სჭირდებათ.

გვინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი მეტია, ვისაც ომი არ უნდა და ბევრი ისე არ უყურებს სამყაროს, როგორც ეს დღეს კიევის ხელისუფლებას სურს, ვინც მათგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს.

,,მართალია, ზედაპირზე არ ჩანან, მაგრამ დესტაბილიზაციის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას და დგას უკრაინაც. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ აშშ ფიქრობს და აანალიზებს ყველაფერს, უკრაინა კი სრულიად დაუფიქრებლად მოქმედებს.

უკრაინა უბიძგებს საქართველოს ახალი დაძაბულობისკენ, კონფრონტაციისკენ, რომლის შედეგადაც საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი. გარდა ამისა, ეს ორივე მხარეს მოუტანს მსხვერპლს. ჩვენ ეს არ გვინდა. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ.

ახლა მხოლოდ ის იმედი რჩება, რომ საქართველოში დარჩენილი საღად მოაზროვნე ადამიანები  უმრავლესობაში აღმოჩნდებიან და გაუძლებენ ზეწოლას. ამისთვის, ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ მათ.

რთულია იმის თქმა, აფხაზები როგორ შევძლებთ დახმარებას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ ისინი მაინც მოვლენ, სხვა გზა არ გვექნება, იძულებულნი ვიქნებით, მოვიგერიოთ და თან, ძალიან სასტიკად.“ - განაცხადა მაქსიმ გვინჯიამ. 

 

აფხაზური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...