Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი


რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ გუშინ დაწესებულ სანქციებზე ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ. ზელენსკის განმარტებით, ეს სანქციები უკრაინიდან თანხების გადინების გზებს დახურავს. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით.

„გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ, გაჰქონდათ სახსრები ჩვენი სახელმწიფოდან და აფინანსებდნენ რუსულ კომბინაციებს. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა, ის საფუძვლიანად შემუშავებულია და ხურავს ათობით მილიარდიან სქემებს. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სასანქციო სიაში შესულ ფიზიკურ პირთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.

რაც შეეხება ე.წ. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს, ესენია რუსული ბუკმეიკერული კომპანიები, ლატარეების ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები, მათ შორის უკრაინაში მოქმედი დაწესებულებებიც.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...