გერმანიას ფემინისტური პოლიტიკის ელჩი ეყოლება
გერმანიაში ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ელჩის პოსტს შემოიღებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ფემინისტური პოლიტიკის ელჩი მონიტორინგს გაუწევს ქალთა წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანამშრომლების კომპეტენციას შეამოწმებს.
ამასთან, გერმანიის მთავრობა დიპლომატიურ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე ქალების პროპორციის გაზრდას აპირებს. ამჟამად ქალები გერმანიის ელჩების მხოლოდ 26%-ს შეადგენს. ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთვის, რომ მსოფლიომ ქალთა საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოს და ქალები სახელისუფლო ორგანოებში უკეთ იყვნენ წარმოდგენილი. ასევე, გერმანელი დიპლომატი-ქალები უფრო მეტად დაეხმარებიან იმ ქალებს, რომლებიც ქვეყნებს მათი უფლებების დარღვევის გამო ტოვებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის გერმანიის განვითარების ფონდების ახალი სასხსრებიდან 90%-ზე მეტი გენდერული თანასწორობის პროექტებზე იქნება მიმართული. ამ თანხას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო გამოყოფს.
„ევროპულსის“ ცნობით, ბოლო წლებში დიპლომატიისადმი ფემინისტურ მიდგომას ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, კერძოდ, საფრანგეთში, ესპანეთსა და შვედეთში აქტიურად იყენებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.