მერაბ დვალიშვილი: „დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!
UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! 32 წლის ქართველმა დაამარცხა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა.
დვალიშვილმა უძლიერეს მეტოქეს ხუთრაუნდიან ბრძოლაში აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
„ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. ძალიან ამაყი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს. ქართველებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ვიცი, რომ დღეს ბევრი უკრაინელი გულშემატკივარიც მყავდა. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება მშვიდობას. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ - თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა იყო. მერაბი ამ შეხვედრამდე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. ხოლო მისი მეტოქე - მეორეზე. ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ახლა მის ანგარიშზე თექვსმეტი მოგება და ოთხი წაგებაა და გამორიცხული არაა, შემდეგი ბრძოლა უკვე სატიტულო იყოს.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.