Jump to content
Planeta.Ge

თეთრი სახლი: სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად


თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“.

„მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვები, რაც შეერთებული შტატებისა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორისგან შემდგარმა კოალიციამ დაუწესა რუსეთს, რათა პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში ომის გამო“, - წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, სალივანმა და ზურაბიშვილმა იმსჯელეს ასევე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე; ხაზი გაუსვეს საერთო დაინტერესებას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეფორმების „ერთიანი და ინკლუზიური“ მიდგომით განხორციელების მიმართ.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა „საერთო შეშფოთება უცხოეთიდან დაფინანსების გამო სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრირებასა და სტიგმატიზებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე, რომლებმაც შესაძლოა, შეაფერხონ ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამუშაო, მიმართული თავიანთი თემების გაუმჯობესებისკენ“.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზურაბიშვილი და სალივანი „მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ“.

„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე, 10 მარტს, ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ.

ვაშინგტონში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...