Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი - ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა


ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.

შეხვედრის შემდეგ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და იმ შედეგებზე ისაუბრა რაც საქართველოს გამოფენაში მონაწილეობამ მოუტანა.

„საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იყო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე გადაწყვეტილება. გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიას და ხალხს ოპტიმისტური განწყობა გაუჩნდა. საქართველომ გამოფენაზე საოცარი გახსნა მოაწყო, ასეთი ბრწყინვალე წარმოდგენა არასდროს მინახავს“, – აღნიშნა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტმა.

ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველომ მიზანს მიაღწია და როგორც ტურისტულმა მიმართულებამ, დიდი ყურადღება დაიმსახურა.

„საქართველოს უამრავი რამ შეუძლია, შესთავაზოს მსოფლიოს. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა. ვფიქრობ, ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი, საქართველოს ეწვიოს. გახსნის შემდეგ დავაგემოვნე ქართული სამზარეულო, გავეცანი უმაღლესი ხარისხის ქართულ კერძებს“, – აღნიშნა ნორბერტ ფეიბიგმა.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავცელებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...