Jump to content
Planeta.Ge

დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება


უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა.
„ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა.
დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე პოსტის შინაარსი სრულად გამოცემა „ტაბულამ“ გამოაქვეყნა.

 

„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა.

ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, “- ეწერა დეპუტატის პოსტში, რომელიც დაახლოებით საათნახევარში უკვე აღარ იძებნებოდა facebook-ზე.


თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.

10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების  რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...