NGO-ები აცხადებენ, რომ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას და ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს.
ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, 2015 წლიდან როგორი იყო მათი თანამშრომლობა პარლამენტთან და რა რეფორმები განხორციელდა პროექტის ფარგლებში.
მათი თქმით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაობს.
„რეფორმები განხორციელდა საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას. დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა.
ამ რეფორმების განხორციელებით, ღია მმართველობის პარტნიორობის საკმაოდ დიდ თანამეგობრობაში საქართველო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ეს წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი იყო მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობითი პროცესის ლოკალური და საერთაშორისო წარმატების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ OGP-ს გლობალურ სამიტზე OGP-ს სამოქალაქო საზოგადოების დაწესებული პრიზის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. 2018 წელს საქართველოში გაიმართა ღია მმართველობის გლობალური სამიტი და საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ასობით კოლეგას და სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენელები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია.
მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლმენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთში არსებული კანონის მსგავს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება.
აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში“, – ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.