„გაიწვიეთ კანონპროექტი“ - ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. ამის შესახებ ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად საზოგადოების მრავალი წარმომადგენლისა და სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანი რჩევისა, 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ამ კანონის მიღება არ პასუხობს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის გაცხადებულ კურსს და ძლიერ აზიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.
თუ მიღებული იქნება, კანონი მძიმე შედეგს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებასა და მის ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას. ის მტკივნეულად შეეხება კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებსაც, რომელთათვისაც საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ფონდებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და უარი თქვას მის შემდგომ განხილვაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.