Jump to content
Planeta.Ge

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები რუსული კანონის წინააღმდეგ


ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა ნებასა და ადამიანის უფლებებს.

“ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი ახლო მეგობრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღებას”, — წერია განცხადებაში.

ხელმომწერთა სიტყვებით, ხსენებული კანონპროექტი “ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ქვეყნის ევროპულ გზას, რომელიც მხარდაჭერილია მისი მოქალაქეების უმრავლესობის მიერ საუკუნეების განმავლობაში”.

“ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც ფლობს უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უნიკალურ კოლექციას ბოდლიანის ბიბლიოთეკაში 1909 წლიდან, ძალიან სიმბოლური ადგილია, რადგან ის ინახავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების კარგად დოკუმენტირებულ ისტორიას და გაერთიანებულ სამეფოსთან მის გრძელვადიან პარტნიორობას.

ქართველი ხალხის ეს ისტორიული არჩევანი დაცულია საქართველოს კონსტიტუციითაც და, შესაბამისად, მას პატივი უნდა სცეს ქვეყნის ხელისუფლებამ.

ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ვინც ამ კანონს აპროტესტებს”, — აღნიშნავენ ხელმომწერნი.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ ხსენებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

“საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად და არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.

ამიტომ, კანონის ინიციირება, რომელიც, როგორც მიზნებით, ასევე შინაარსით, აშკარად ჰგავს მის რუსულ ანალოგს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ ეტაპზე”, — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

გიორგი გვარაძე, ქართული საზოგადოების პრეზიდენტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი;

პროფესორი დენ ჰილი, თანამედროვე რუსეთისა და საბჭოთა ისტორიის ემერიტუს-პროფესორი;

მეგი ქარცივაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლის დოქტორანტურის სტუდენტი;

ლია ჩოკოშვილი, ქართული ენის მასწავლებელი ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლაში;

როი ელისონი, რუსეთისა და ევრაზიის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი;

გიორგი ჭეიშვილი, მიწვეული მკვლევარი;

შოთა მათითაშვილი, მიწვეული აკადემიკოსი;

ლუკა შანიძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი;

სალომე კიკნაძე, სამოქალაქო სამართლის ბაკალავრი;

სოფო მაისაშვილი, ქართული საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი

რა ხდება

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...