საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ევროპის მნიშვნელობაზე სტატუსი წაშალა
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა პირად ფეისბუკგვერდზე 7 მარტს, რუსული კანონის გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი პოსტი წაშალა.
გოჩა ჯავახიშვილი წერდა:
„ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა, უპირველესად, ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენი წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.
წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“, — წერს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.