Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტი "ხალხის ძალის" "ამერიკული კანონის" ვერსიას აღარ განიხილავს


საქართველოს პარლამენტი აღარ განიხილავს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსიას, რომელსაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ჰქვია. ეს გაირკვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილით, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს მიმართავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პარლამენტის პრესსამსახურშიც.

"საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით", - წერს პაპუაშვილი.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით პირველი მოსმენით მიიღებდნენ რეგისტრირებულ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიდნენ. იგივე ინფორმაცია გაიმეორა პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 მარტს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. ამ დღესვე მან თქვა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა 9 მარტს.

"რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

7 მარტს მმართველ პარტიაში მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

"ხალხის ძალის" ამ კანონპროექტს, რომელიც "აგენტების შესახებ" კანონპროექტადაც მოიხსენიება, "ქართული ოცნების" მხარდაჭერაც ჰქონდა. კომიტეტებში წინააღმდეგობისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, კანონპროექტის მიღების პროცესი დაიწყო. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონის დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...