Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

დიპლომირებული გაზაფხული, ანუ პრეზიდენტი „თვით–დაცვის“ რეჟიმში


katya

2.670 views

blog-0973231001362163423.jpgარაფერი ისე არ აფხიზლებს დღის ბოლოს ადამიანს, როგორც სამუშაო მაგიდაზე დაღვრილი ერთი ფინჯანი ქაფქაფა ყავა. რა თქმა უნდა, მეტი მხნეობისთვის უკეთესი იყო მისი შინაგანად მიღება, მაგრამ ნუ დაიბნევით! ჩათვალეთ და ირგვლივ მყოფებსაც უთხარით, რომ ეს „პარასკევას“ ერთგვარი რიტუალია – უფრო ენერგიული და არომატული მომავალი სამუშაო კვირისთვის.

რა თქმა უნდა, ამ მოკლე განმარტების შემდეგ, დასუფთავების მიმართულებით მოგიწევთ დამატებითი შრომა, მაგრამ აქაც იმით გაიმხნევეთ თავი, რომ არც ისე შორეული წარსულის ნაციონალური ბომონდი, მმართველი პარტიის სეფე –ქალები, პაჟები და, ზოგჯერ დოქსოპულოებიც ამ საქმით „ირჩენდნენ“ თავს და, არც ისე ურიგოდ.

ეს სამუშაო კვირაც ზამთართან ერთად გადავაგორეთ, პაპიც წავიდა... სამაგიეროდ, გაზაფხული მოვიდა უქმეებით და მზიანი დღეებისა და ღამეების პერსპექტივით.

გუშინ შაშვების დაბრუნების ოფიციალურ ცერემონიალს შევესწარი ოფისის აივნიდან. შთამბეჭდავი სანახაობა იყო ქალაქის თავზე მოძრავი კოლონა. ალბათ, მაგათაც ესმოდათ მშობლიური პატრულის უფრო მშობლიური მოწოდება – პირდაპირ იმოძრავეთ! საინტერესოა, ქალაქში ცენტრში განა რამდენი სტუმარი მოძრაობს მანქანით, რომ ყოველდღე და ყოველ 5 წუთში მოძრაობის მიმართულების შეხსენება ჭირდებათ?

პატრულის საყურადღებოდ! ახვლედიანის ქუჩიდან მოკითხვა დამაბარეს და გთხოვეს, ზოგჯერ იქნებ ჩვენსკენაც შემოიარონო, ძალიან მიგვივიწყესო. თანაც, იმ ქუჩის საეჭვო დაწესებულებების კლიენტურაც უფრო ფხიზლად და წესების დაცვით იმოძრავებსო.

ყველა კუთხე–კუნჭულში შეიხედეთ, თორემ უწყების ყოფილ „მამა–მარჩენლებს“ ხომ იცით ასი თვალი და ასი ყური აქვთ გამობმული? ვანოს და ბაჩოს მუნდირის ღირსებაზე და მათი ნაღვაწ–ნაოფლარის „შებღალვაზეა“ საუბარი. ის როგორ იყო?გასული წლის ოქტრომბრამდე შსს, საშუალოდ, თვეში 1500 ამპულა ნარკოტიკს ხარჯავდა სამედიცინო პუნქტიდანო... გავაგრძელო?..

ჰოდა, თუ არა, მაშინ, ხელისუფლების „უსამართლობით“, გაუნათლებლობით, არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით დაღლილები, ჩამოჯექით, დაისვენეთ, ამოისუნთქეთ, ან ჩაისუნთქეთ...

სუნთქვისას, ეგებ, პარალელურად, იმაზეც იფიქროთ, რომ , ზოგჯერ, და უფრო ხშირად, მონური და ბრმა ერთგულება ჯილდო კი არა დანაშაულია, მერე სასჯელიც.

მგონი ზოგიერთებს ცოდვებმა უწია! აბა რა დიპლომის ჭია შეუჩნდათ ხაჩიძეს და თუთბერიძეს? წულუკიანის დიპლომს რომ დაეძებენ, მიხვდნენ, რომ საკუთარი გამოსაჩენად არ ვარგა? საკუთარი სეხნიის მიმართ ასეთი ცხოველური თუ გაცხოველებული სიძულვილი ჯერ ქართულ პოლიტიკაში არ დაფიქსირებულა. თეა თუთბერიძე თეა წულუკიანის ინტელექტის წინააღმდეგ უკვე სერიოზული თემაა...

ქალბატონი „კმარა“ ერთ–ერთ თავის „თავისუფალ“ ინტერვიუში ქართული ბულვარული პრესის დონეზე, ამბობდა– ერთფეროვნებას ვერ ვიტან, ცვილებები მიყვარსო. მგონი, მაგ დროს ცრუობდა. აბა საძაგლობების კეთება რატომ არ ბეზრდება და წყინდება?

თუთბერიძის და ხაჩიძის „ფრონტელი მეგობარი „ ირმა ნადრაძე ივანიშვილის მრჩევლობის ინიციატივით გამოდის, როგორც ჩანს, საკუთარი ბელადის იმედი დაკარგა. პარტიის ინტერესების დამცველიდან უკვე ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე გადავიდა.

სოციალურ ლიფტებს კარიერული კიბე ცვლის და ზოგი ადის, ზოგიც ჩადის...

შეეგუეთ რა!

გუშინ ნიკას ძილის წინ თავის საყვარელ ძმები გრიმების ზღაპრებს ვუკითხავდი. შეგვხვდა სიტყვა ცრუპენტელა. – ეგ რა არისო? ცრუპენტელა ისეთი კაცი ან ქალია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ იტყუება–მეთქი. ვისი „ხატება“ წამომიტივტივდებოდა გონებაში ხომ ხვდებით? მაგრამ ბავშვს ასეთ მაგალითს ხომ არ მოვუყვანდი. მერე დაიმახსოვრებდა, რომ პრეზიდენტი ცრუპენტელა უნდა იყოს. კიდევ კარგი, დროზე მომისწრო ნიკას შემხვედრმა კითხვამ – ყველა ნაბიჯზე რატომ იტყუება? ისე ვერ დადისო?

ესეც თქვენი ბავშვური ლოგიკა და მის ბაგეთაგან ნათქვამი ჭეშმარიტება. ეგენიც კი ხვდებიან, რომ ზოგიერთებისთვის მთელი ცხოვრება უბრალოდ გაჭიანურებული სარეკლამო პაუზაა.

ვხვდებით, რომ, ჯერ კიდევ პრეზიდენტს, მართლა არ შეუძლია სხვაგვარად სიარულიც და არსებობაც. სიამოვნებით ვუთანაგრძნობდით და გაგებითაც მოვეკიდებოდით, რომ არა საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი და დანაშაულებრივი აქტების თუ ფაქტების ზღვარგადასული ლიმიტი. ლიბერალებიც ნუ მოგვთხოვენ „უბრალო ადამიანებს“, მისთვის ყველაფრის პატიებას.

ჩამოვიდა ჩვენი ონავარი ბაქოდან და იმ თავის ელექტრომობილიდან სულ ცირკის მასხარები უძახა სახელმწიფო დაცვას. ჰოდა აბა რაში ჭირდება მიშას დაცვა? უხერხულობის გარდა არაფერში არგია. აცადეთ, პრეზიდენტს! სურს, ხალხის მეხსიერებაში მიშად, გმირად, ვაჟკაცად და მზრუნველად დარჩეს. სურს ხვდებოდნენ და აცილებდნენ თვალცრემლიანნი, ადიდებდნენ, უგალობდნენ, ცის გახსნასავით ელოდნენ მის გამოჩენას, აღდგომას მტვრისაგან პოლიტიკისა... თვალებიდან და ქცევიდან ჩანს, რომ ბავშვობაში, ანუ ერისკაცობაში, შურდა „მაგარი ბიჭების“ , პოლიტ–კაცობაში „– სტალინის, ზვიადის და პუტინის.

ჰოდა, ნურას უკაცრავად და ვერ მოგართვით!

სამაგიეროდ, ბიძინას თხილამურებზე დგომა არ ცოდნია და ზარმაციც ყოფილა! მაგანაც ადგეს და ისწავლოს, თორემ 20 ჯერ ჩასულა მიშა მესტიაში ერთადერთი მიზნით – ტურისტების მოსაზიდად. რა ნაკვალევი იცის მაგ დალოცვილმა?!..

იმედია, უახლოეს მომავალში თოვლის კაცობასაც არ დაიბრალებს, თორემ, მერე რა აუვა ამდენ მონადირე–ტურისტს!?

სულმოუთმენლად ველი, როდის ახდის ფარდას ჩვენი პრეზიდენტი პრემიერსა და მარკ ცუკერბერგს შორის არსებულ ფარულ კავშირებს, რომელიც საეჭვოდ თვალსაჩინოა. მაგალითად, დავაკვირდეთ ფეისბუქის დიზაინის ფერს და ოცნების სიმბოლიკას. ფერთა გამა ემთხვევა. მეორე საეჭვო მომენტი – ივანიშვილი პრეზიდენტის მიმართ მიმართვებს სწორედ ამ ქსელით ავრცელებს.

მგონი საკაშვილმა არ იცის, რომ სოციალურ ქსელებს აქვს არასასურველი კონტაქტორის დაბლოკვის რეჟიმი, თორემ ვირტუალურად მაინც ხომ სიამოვნებით დაბლოკავდა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდს?!

მიაწვდინეთ ვინმემ ქალბატონ მანანა მანჯგალაძეს ხმა, რომ ცუკერბერგი „ოცნებასთან“ კავშირში არა, უბრალოდ დალტონიკია და უბრალოდ ლურჯი ფერის მთელ გამას სრულად აღიქვამს მისი მხედველობა.

ერთი კარგი ამბავი ამ კვირაში – როგორც იქნა, ჩვენი ფარმაცევტული ბიზნესი დაეუფლა „მომწოდებლის ენას“ და სააფთიაქო ქსელმა პსპ–მაც მყისიერად დასწია კიდევ 50 პოზციაზე ფასები... მიხეილ! ინგლისურის შემსწავლელი კურსების ნაცვლად ეგ ენა გესწავლებინა ბიზნესისთვის თავის დროზე, თუ არ გაწყობდა?

გავიგე, კოტე კუბლაშვილი საკუთარი იმპიჩენტის საფუძველს ვერ ხედავსო. მაგას მხედველობაც არ უვარგა?

როდის მიხვდებიან ზოგიერთები, რომ ნამდვილი თავისუფლება ის კი არაა, აკეთო ის, რაც გინდა, არამედ არ აკეთო ის, რაც არ გინდა!

ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა,რაც ჩემს მეზობელ ჟუჟუნას ძალიანაც არ ესიამოვნა, – ეხლა ყველაფერი თუ ამათმა შეამცირეს, მერე „ჩვენები“ რომ დაბრუნდებიან, რაღა შეამცირონო?!

ჟუჟუნას გზირების მეორედ მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს და გაზაფხულიც ყავასავით შეგვრგოს...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

ხელისუფლების „უსამართლობით“, გაუნათლებლობით, არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით დაღლილები, ჩამოჯექით, დაისვენეთ, ამოისუნთქეთ, ან ჩაისუნთქეთ...

სუნთქვისას, ეგებ, პარალელურად, იმაზეც იფიქროთ, რომ , ზოგჯერ, და უფრო ხშირად, მონური და ბრმა ერთგულება ჯილდო კი არა დანაშაულია, მერე სასჯელიც.

კვირის შეუდარებელი მემატიანე ხარ კატო :*

ლინკი
ქალი კი არა განძი ხარ :* მეგემრიელა ნამეტნავად (კი იყო ცოტა,ეკლეკტიკურად მწარე და ბარემაც ასაკვეთი) ..ავმა ენებმა არ თქვან მერე, ზოგიერთებს მოკითხვა, გადასცა და მიტომო.... ღმერთმანი ტყუილების გარეშეც მშვენივრად ახერხებს გადაადგილებას ჩემი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი ;) ისე, ნიკას ხელფასი დაუნიშნო ის დროა :)
ლინკი
×
×
  • შექმენი...