Jump to content
Planeta.Ge

“მოსკოვი გვაიძულებს” – აფხაზეთში აგენტებზე კანონს ეწინააღმდეგებიან


ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


როგორ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება რუსული რეპრესიული კანონების მიღებას?

აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მრავალი წელია განიხილება, თუმცა, საკითხი განხილვას ვერ გაცდა. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და პარლამენტს მისი განხილვის პერსპექტივაზე არ უსაუბრია ჯერ.

უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა 2020 წელს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და შესაბამისად, რუსეთის მსგავსად, არაკომერციული და უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის დანერგვას ითვალისწინებდა.

იუსტიციის მინისტრის ანრი ბარციცის თქმით, ჯერჯერობით, ჯერ ისევ არაა გადაწყვეტილი, როგორი სახით იქნება კანონპროექტი წარმოდგენილი – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ 2005 წლის კანონში შესული ცვლილებების სახით თუ ცალკე კანონად.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი კანონი”, – განაცხადა მინისტრმა ჯერ კიდევ 2022 წლის 15 ნოემბერს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღების პერსპექტივის განხილვისას. ეს განხილვა სოხუმში ერთადერთი იყო ამ საკითხზე. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ის სამოქალაქო საზოგადოების წევრები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებმაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

აფხაზეთში ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” დირექტორი არდა ინალ-იპა დარწმუნებულია, რომ კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თითოეული არასამთავრობო თუ არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობა კი, აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

ამასთან, არდა ინალ-იპა ჰყვება, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში უკვე დაკითხვაზე იბარებენ სამოქალაქო აქტივისტების და მათ შიდაპოლიტიკურ ორიენტაციებზე ესაუბრებიან. არდა ინალ-იპა ფიქრობს, რომ კანონის მიზანი, რეალურად არა ჯაშუშების მოძიება, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა და მათი დაშინებაა.

“თუკი ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება გინდათ, რატომ არ მოგვმართავთ? ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს თქვენთვის, რომ ყველა ინფორმაცია ღია გვაქვს და ანგარიშზე ყველა კაპიკი გამჭვირვალეა, თუმცა, არ მოდიხართ. ჩვენი საზოგადოება მცირეა, მჭიდრო სოციალური კავშირებით და შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია საუბარი. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე არა ინფორმაციის მიღებაში, არამედ დაშინებასა და ზეწოლაშია”.

ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცახდებს, რომ თუკი აფხაზეთში უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს აფხაზეთს.

“თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტები გვინდა, მაშინ, ამ კანონით ეს შესაძლებლობა შემცირდება და აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასაც ვერ შევძლებთ. ჩვენს ადგილს ქართველი აქტივისტები სწრაფად დაიკავებენ, როგორც ეს ომის პირველ წლებში მოხდა. მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც დასავლეთში ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მეგობრულები არ არიან და მუდმივად ვაწყდებით უსამართლობას და ორმაგ სტანდარტებს, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტაზე ცხოვრების შესაძლებლობა და აქ უნდა დავიმკვიდროთ საკუთარი ადგილი”.

იმის მიუხედავად, რომ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციით არის გათვალისწინებული, აღნიშნული კანონის მიღების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს ინიციატივას რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აფხაზეთში [ასევე, ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში] გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე.

მაშინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხისტი განცხადება გააკეთა და გააკრიტიკა ევროპარლამენტი, მალევე კი აფხაზეთში დაიწყო ჯაშუშებზე ნადირობა და მათი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებები. კერძოდ, პერსონა ნონ-გრატად აფხაზეთში გამოაცხადეს საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO] ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა აფხაზეთში. ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და აფხაზეთში ჩასვლა აუკრძალეს. სკანდალის დროს, გაეროს წარმომადგენელს აფხაზეთში სამოქალაქო სექტორმა, ეკოლოგებმა, მეღვინეებმა, ვინც პირადად თანამშრომლობდა მასთან, მხარი დაუჭირეს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ვერსიით, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სოციალურ, სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და სხვა საკითხებზე და ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, აფხაზეთის შიდა საკითხებშიც ერევიან. სწორედ ასეთი ფორმულირებებით [რომელიც იდენტურია რუსეთში გაკეთებული განცხადებებისა], აფხაზეთის საგარეო უწყება და სპეცსამსახურები იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს მოუწოდებენ, მიიღონ კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ.

თუმცა, საკითხის განხილვა შეჩერებულია მას შემდეგ, რაც აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი საზოგადოებრივ პალატაში სიტყვით გამოვიდა და 500 ჟურნალისტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ხელმოწერილით წერილობითი მიმართვა გაავრცელა.

უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტი ამ დრომდე არ შესულა პარლამენტში, თუმცა პირველ საგაზაფხულო სესიაზე განიხილებოდა კანონპოექტი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ამ ცვლილებების შესაბამისად, ჯაშუშური საქმიანობის, სამშობლოს ღალატის და მსგავსი კანონდარღვევების პრევენციისთვის უშიშროების სამსახურს მეტი უფლებამოსილება ეძლეოდა.

დეპუტატი ბესლან ემურხბა ცვლილებების საჭიროებას ასე ხსნიდა: უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ პროფილაქტიკური საუბრები ჩაატარონ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც არამეგობრული ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მოყვნენ. თუმცა, მისი კოლეგები, მაგალითად, დაუთ ხუტაბა და ინარ გიცბა მიიჩნევენ, რომ ეს კანონი იმდენ ინტერპრეტაციას იძლევა, მისი გამოყენება შიდაპოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც მარტივია. დეპუტატ კან კვარჩიას თქმით კი, კანონს გრძელვადიანი შედეგებიც ექნება და ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში აღმოჩენის შემდეგ, მათივე წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

“ჩვენ ისედაც ვერ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და ნაცვლად რამე გამაერთიანებელის მოფიქრებისა, გვინდა კანონები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გახლეჩს საზოგადოებას”.

დეპუტატი ვიანორ ბებია შემოთავაზებულ ცვლილებებს “ჩრდილოეთ კორეის კანონს” უწოდებდა.

საბოლოოდ, კანონში ცვლილებებს მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის ვერ გავიდა.

აფხაზი დამოუკიდებელი ჟურნალისტები მიიჩნევდნენ, რომ ეს კანონი, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ტყუპისცალი იყო და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ოპოზიციასთან ბრძოლისთვის დამატებითი რეპრესიული მექანიზმი იქნებოდა.

პოლიტიკური მიმომხილველი ინალ ხაშიგი ფიქრობს, რომ ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები აფხაზეთში აქტიურად დაუპირისპირდებიან მსგავს რეპრესიულ კანონებს. პირველ რიგში, როგორც ის ამბობს, ეს კანონები უცხოა ტრადიციული აფხაზური დემოკრატიისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც უკვე ძლიერი იყო.

“ყველასთვის გასაგებია, რომ ამ დოკუმენტის მიღებას მოსკოვი გვაიძულებს, თუმცა, ამავე დროს, შიდა აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს გაგება, რომ ყველაფერი რაც კარგია მოსკოვისთვის საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად, აფხაზეთისთვის არ ვარგა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი აგენტების შესახებ მიღებული იქნება, მაგრამ ბევრად განსხვავებული სახით, ვიდრე ეს რუსეთშია”.

მისივე თქმით, კანონის მიღება აფხაზეთში აჟიოტაჟს გამოიწვევს.

“აფხაზეთი მცირე საზოგადოებაა, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს, საკუთარი ტრადიციული დემოკრატია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ავტორიტარულ კანონთან, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმს”, – ამბობს ხაშიგი.

2019-03-08-at-1.57.53-PM.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...