ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს.
"8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
"საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების ძალები გადაიყვანეს სამსახურის საგანგებო რეჟიმზე“, - განაცხადა ბოსიკოვამ. ბოსიკოვა არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ე.წ საგანგებო რეჟიმი და ე.წ საზღვრზე გაძლიერებული კონტროლი.
7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.