Jump to content
Planeta.Ge

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ


ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ.

ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა.

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის სწრაფვას იცხოვროს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მინისტრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, პატივი სცეს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

  • 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
  • პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
  • კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.
  • დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...