Jump to content
Planeta.Ge

ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში


საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის:

"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე".

 

დღეს, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე ჩაატარეს.

მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ განხილვა დღესვე დაეწყოთ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბოლო დღეებია კატეგორიულად და ღიად აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა განცხადებაში, კანონპროექტებს „შემაშფოთებელს“, უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის „დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას“ მოემსახურება და არის „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელი“.

სწორედ ის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების თაობაზე, რომლებიც წლებია საქართველოში მილიონობით ევროსა და დოლარს ხარჯავენ ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ამ ქვეყნების საპასუხოდ, კანონპროექტების ავტორები დაჟინებით იმეორებენ, რომ კანონპროექტებს არაფერი აქვს საერთო იმ საფრთხეებთან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

RADIO TAVISUPLEBA

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...