„აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ — შსს მშვიდობიანი აქციის დარბევაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც უწყების თქმით, გამოიხატებოდა იმაში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირებირების მცდელობას და „სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს“:
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას,პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს“ — აცხადებენ უწყებაში.
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს. სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.