Jump to content
Planeta.Ge

საერთაშორისო NGO-ებმა ითავეს ჩვენი დამწვარი სახლების აღდგენა — ლია ჩლაჩიძე


სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე, რომელსაც 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად სახლი დაეწვა,  “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონის ანალოგს აკრიტიკებს.

ჩლაჩიძე “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ 2008 წლის ომით დაზარალებულები სწორედ უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააბინავეს.

“ომის შემდეგ გაპარტახებულ და გადამწვარ ერგნეთზე იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა ,ღია ცის ქვეშ დაგვტოვა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად.

საცხოვრებელი თავშესაფრებიც მათ აგვიშენეს და შემდგომში ჩვენი დამწვარი სახლების რეაბილიტაცია მათ ითავეს. ხელისუფლება საერთოდ არ გამოჩენილა, პირიქით, კარგად მოითბეს ხელი… არც კი მახსოვს, ვინ იყო იმ დროს ჩვენი ხმა პარლამენტში…” — წერს ის.

38849834_10156850102157044_6141251218313

ომის მუზეუმი ლია ჩლაჩიძის სახლის სარდაფში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას ჩლაჩიძე დასძენს, რომ სიჩუმე ახლა თანამონაწილეობას ნიშნავს:

“რუსებმა დაგვხოცეს,გადაგვწვეს,გაგვაპარტახეს და ისევ რუსეთი? ნათესავი რუსი მყავდა ამ ზაფხულს სტუმრად და მუზეუმში ვერ ჩავიყვანე,არ მაინტერესებსო…. ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა გავლენის აგენტები?

შეცდომაა,ამ საკითხს ისე შეხედო,რომ თითქოს შორს,სადღაც ხდება და შენ არ გეხება… გაჩუმება ახლა თანამონაწილეობას ნიშნავს…

მე მახსოვს, როგორი უკმაყოფილების ტალღა იყო ცხინვალში 2014 წელს, როდესაც არასამთავრობო სექტორს შეუზღუდეს საქმიანობა და რუსული კანონით აგენტის იარლიყები მიაწებეს…”

ლია ჩლაჩიძე პოსტს ომის დროს დამწვარი სახლის ფოტოებს ურთავს და ასე ასრულებს ტექსტს:

“ასე გამოიყურებოდა ჩემი სახლი ომის შემდეგ… რომ არა დანიის ლტოლვილთა ორგანიზაცია, დღემდე არ მეღირსებოდა ადამიანური ცხოვრება. აგერ, წინ გვაქვს ზარდიანთკარის მაგალითი…”

330306552_752624129497109_30272752242418

ლია ჩლაჩიძის სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ფოტო: Facebook/Lia Chlachidze 

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 9 აგვისტოს, ერგნეთის მკვიდრი ლია ჩლაჩიძე იძულებული გახდა, სოფელი დაეტოვებინა. 10 დღის შემდეგ უკან დაბრუნებულს თავის ეზოში, სახლის ადგილას, ჩაფერფლილი კედლებიღა დახვდა.

დროთა განმავლობაში ლია ჩლაჩიძემ სახლ-კარი ნელ-ნელა ააშენა, სარდაფში კი აგვისტოს ომის მუზეუმი გაიხსნა.

“ესაა ის ადგილი, სადაც ადამიანმა უნდა ნახოს, რომ ომი არის უბედურება და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ესაა მთელი ჩვენი სათქმელი”, – ამბობდა ლია ჩლაჩიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას 2018 წელს.

აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამაც ისაუბრა 6 მარტს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას.

“რა პასუხს აძლევთ, მაგალითად, ქალბატონ ლია ჩლაჩიძეს, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს, ზედ გამყოფ ხაზთან. მან თავისი დანგრეული სახლი სწორედ დასავლური გრანტებით გაარემონტა. იქ აქვს ოკუპაციის მუზეუმი. თხოვნა მექნება, რომ მიხვიდეთ და ნახოთ ეს მუზეუმი”, — უთხრა მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს.

რა ხდება

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...