Jump to content
Planeta.Ge

მდინარაძე მედიის ფინანსების გაუმჭვირვალეობაზე საუბრობს, სხვას ამბობს კანონი


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გაზაფხულზე ომის პროპაგანდის გაძლიერება იგეგმება, რასაც გაორმაგებული ფინანსები სჭირდება.

მდინარაძე ამბობს, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას სინამდვილეში გამჭვირვალობის ვალდებულების გამო ეწინააღმდეგებიან და არა „აგენტის“ იარლიყის შიშით.

„სინამდვილეში, ეს დასახელება იმდენად არ ადარდებთ, როგორც შინაარსი. ასე რომ იყოს, მოვიდოდნენ და იტყოდნენ: გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, სიტყვა „აგენტი“ რომ მოაშოროთ, უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი, პირი, ორგანიზაცია, რაღაც ნეიტრალური, ყველასთვის უმტკივნეულო სახელი დავარქვათ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათო. მაგრამ რატომ არ ამბობენ?

ჩვენ ვიცით, რომ მათ უნდათ გააძლიერონ ძალისხმევა რევოლუციისკენ; უნდა გააძლიერონ და ახლო მომავალში, გაზაფხულიდან იგეგმება ჩვენი ინფორმაციით საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია… გააძლიერონ ომის პროპაგანდისკენ ძალისხმევა. ეს ყველაფერი რომ უნდა გააძლიერონ და ეს ვიცით, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ახლა უბრალოდ ადექი და ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს.

როდესაც შენ აგინებ პატრიარქს და ეკლესიას და ქართული სახელმწიფოს ქაოსში და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა გინდა, ომში ჩართვა გინდა… ამის გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, გაორმაგებული ფინანსები სჭირდება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე დასავლეთის დაფინანსებაზე კრიტიკოსების აქცენტს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, ამბობს რა, რომ ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინანსდება, საფრთხეები ყველა მხრიდან არსებობს და „ათჯერ მეტი ჩრდილოეთიდან“. თუმცა სახელისუფლებო რიტორიკა და კამპანია სწორედ დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორს მიემართება.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჰკითხა, საიდან ფინანსდება ეს არხი, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ სარეკლამო ბაზრიდან.

„სარეკლამო ბაზარი საქართველოში არის 60- 70 მილიონი ლარი და მარტო თქვენს ტელევიზიას სჭირდება დაახლოებით მაგდენი. 5% გაქვთ სარეკლამო ბაზრის წილი. შესწავლილი მაქვს ეს თემა. პრაქტიკულად რამდენიმე ერთეული მილიონი შემოგდით სარეკლამო ბაზრიდან, რაც არის ძალიან ცოტა. დანარჩენი თანხები საიდან მოგდით?“ — ჰკითხა მდინარაძემ ჟურნალისტს, რომელმაც უპასუხა, რომ „მთავარ არხს“ ფინანსური პრობლემები აქვს და სამი თვეა ხელფასი არ გაუცია.

„არათუ გამჭვირვალეა, ყველაზე გაუმჭვირვალე ამბავია, საიდან ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომელზეც არის საუბარი კანონში. როგორც კი დაფინანსება უცხოური 20%-ს გასცდება, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდე რეესტრში. ნებისმიერი ადამიანი, არათუ პარტიები, რომლებიც ლარის შემოწირულების შემთხვევაშიც კი ვალდებული ვართ, წარვადგინოთ, ვალდებულია, დაადეკლარიროს თავისი შემოსავალი და გასავალი, თუ მისი შემოსავალი 40 000 ლარს სცდება.

ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ენჯეოებს და რატომ? — ერთადერთი მიზეზია, ისინი ამბობენ, რომ აგენტის იარლიყით ჩვენ არ ვივლით. სინამდვილეში ეს არ არის მთავარი არგუმენტი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემგან ამ სიტყვების მოსმენა“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

„ასეთი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ პროტესტი არ ჰქონდეთ რუსულ კანონზე“, — აცხადებს გოგოსაშვილი და აქვეყნებს ამონარიდს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან, რომლის თანახმადაც:

„კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 000 ლარზე მეტი შეადგინა“.

მაუწყებლების მიერ 7000 ლარზე მეტი შემოსავლის შესახებ სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.


ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...