Jump to content
Planeta.Ge

“ამ კანონს მე არ დავემორჩილები… ჩამსვან ციხეში” – ბიძინა გუჯაბიძე


„კანონი სადაურია ვერ გეტყვით, რუსულია თუ ამერიკული. დიდი აზრი მაგას არ აქვს, რადგან არის კატასტროფა. საშინელებაა, საბჭოთა კავშირში მიბრუნება, ალბათ ეს თუ მიიღეს, ასევე გააგრძელებენ შემდეგ ნაბიჯებს, მაუზერებით სირბილს… ტროიკა და დანოსები…“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ალპინისტმა ბიძინა გუჯაბიძემ.

ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ქვეყანას ახლა მსგავსი კანონი არაფერში სჭირდება.

„მაგიჟებს, მაცოფებს, რომ არიან ადამიანები, ალბათ ჩვენს ირგვლივაც ჩემი ახლობლებიც, რომლებიც ამას შეიძლება მხარს უჭერდნენ. კატასტროფაა, დაუჯერებელია. მთელი ჩემი არსებით, სულით და ხორცით წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, რომელიც არაფერში გვჭირდება. თან შედეგები საშინელი ექნება. როცა ქვეყანაში შეიზღუდება თავისუფლება. როცა ასე ვთქვათ, მოგუდული და დახრჩობის წინა პერიოდში იქნება [თავისუფლება], ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება. მით უმეტეს, რომ მოდებული ვართ მთელს მსოფლიოს და უამრავი დახმარება შემოდის სხვადასხვა ქვეყნიდან… ფიზიკური პირებიდან, ფიზიკური პირებისთვის. როცა მოეხასიათებათ, როცა არ აწყობთ ჩემი, თქვენი ლაპარაკი, პოზიცია, მაშინვე ჩვენს საწინააღმდეგოდ გამზადებული ექნებათ მექანიზმი, რომ მოგვაშთონ და დაგვახრჩონ,“ – ამბობს „ნეტგაზეთთან“ ბიძინა გუჯაბიძე.

„ნეტგაზეთმა“ ალპინისტს ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცეს ახლა საზოგადოება, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კანონმდებლებმა რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

„პირველ რიგში უნდა გამოვჩნდეთ. ქუჩაში უნდა გამოჩნდნენ, უნდა გამოვიდნენ. მიჭირს ახლა ამის მოწოდება, საერთოდ მოწოდებები ყველაფრის მიჭირს, მაგრამ მე პირადად ამ წუთში ახლა ასე ვფიქრობ. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ აი, ამ კანონს მე არ დავემორჩილები. ჩამსვან ციხეში. ჯარიმას მე არ გადავიხდი, ვერ გადავიხდი თუ მომადგებიან.

ახლა მე რაც ვთქვი, ამ კანონის მიღების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ ასეთი სიტყვის შემდეგ დამაკავონ. ნორმალური არის ახლა ეგ?“ – სვამს კითხვას ბიძინა გუჯაბიძე.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას — FC Dinamo
„მივმართავ ბლოგერებს, იუთუბერებს – დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია“
რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი
„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა“ — შოთა არველაძე

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...