Jump to content
Planeta.Ge

ეუთო/ოდირი შეაფასებს "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

7 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ არხზე ეუთო/ოდირმა საჯაროდ დაწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოში შექმნილი კანონპროექტების შესწავლა დაიწყო.

 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გეგმავს თანამშრომლობას.

"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვა ხუთშაბათს არის დაგეგმილი - მმართველი პარტია პირველი მოსმენის შემდეგ გეგმავს მათ გაგზავნას ვენეციის კომისიაში. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელია არა მხოლოდ ამ კანონების მიღება, განხილვაც კი.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...