მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, უარი თქვას "აგენტების" კანონპროექტების განხილვაზე - ორგანიზაციები
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტებზე და წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე:
"ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში".
ორგანიზაციები ინიცირებულ კანონპროექტებს "რუსულ და ანტი-ქართულს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან.
"მშვიდობა და მისი მშენებლობა ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპია და სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გარანტიები იქნებოდა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების აქტიურ გატანას ევროპულ ინსტიტუტებში და აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებებისთვის ალტერნატიული სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, ის ახალი ტიპის კრიზისებს ქმნის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და აღრმავებს პოლარიზებას შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები, ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში "აგენტების" შესახებ კანონის მიღებაც კი, საქართველოს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს აღქმას ასუსტებს: "ეს რეალობა მძიმე გავლენას მოახდენს გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესზეც, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასაც".
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის კანონპროექტები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელთა ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს, 10:00 საათზე გაიმართება, სადაც დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების პლენარულ სესიაზე გატანა ხუთშაბათს, 9 მარტს იგეგმება.
საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტები საქართველოს პრეზიდნეტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს ფორუმზე გააკრიტიკა.
„ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის“, - თქვა მან.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.