Jump to content
Planeta.Ge

საჩუქარი რუსეთს – ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე


„თვითნებური საჩუქარი რუსეთს“ – ასე აფასებს ჰელსინკის კომისია „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.

საუბარია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგზე, რომელიც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან.

„უცხოური აგენტების შესახებ წარმოდგენილი კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, ეს არის თვითნებური საჩუქარი რუსეთს და პირდაპირი გამოწვევა საქართველოს მოქალაქეთა მყარ ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. ის არც ერთ ასპექტში არ ჰგავს FARA-ს,“ – წერს ჰელსინკის კომისია, აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.

 

გავრცელებულ განცხადებაში კომისია ასევე დასძენს, რომ აშშ აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, თუმცა ეს კანონპროექტი, მიზნად ისახავს ამ ურთიერთობების შესუსტებას – „და ეს არის ოკუპანტი რუსეთის ღია მოპატიჟება, რომელიც თან მოიტანს კორუფციას, ვასალიტეტსა და გამცემლობას,“.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...