Jump to content
Planeta.Ge

5 ტყუილი "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტების განმარტებითი ბარათებიდან - ნონა ქურდოვანიძის კითხვები იურიდიულ კომიტეტში


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მან ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ისინი პირველ რიგში ადამიანის უფლებების შემზღუდავია და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, არ მიეცა განხილვაში მონაწილეობის უფლება.

"ეს კანონპროექტები და მისი განმარტებითი ბარათები ეყრდნობა 5 ძირითად წამყვან შეცდომაში შემყვან მითითებას, აღნიშვნას და მინდა თითოეულთან დაკავშირებით დავსვა კითხვა:

პირველი, რაც ჩვენ კანონპროექტში გვხვდება და წერია განმარტებით ბარათში, არის ის, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას? თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ანალოგიური კანონი, ერთადერთი ქვეყანა, სადაც იყო ამ კანონის მიღების მცდელობა რუსეთის გავლენით, იყო უნგრეთი, სადაც სასამართლომ ეს კანონი გააუქმა და იქაც აღარ მოქმედებს. ასევე, იმ გადაწყვეტილებაში, რომლითაც უნგრეთში ეს კანონი სასამართლომ გააუქმა, აღნიშნული იყო, რომ ის არღვევდა ევროკავშირის წამყვან ხელშეკრულებებს და კანონმდებლობას და ამის გამოც გაუქმდა ეს კანონი. საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილეც საქართველო არის, ითვალისწინებს იმას, რომ დაცული უნდა იყოს გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული და აკრძალულია დისკრიმინაცია. ეს კანონები ყველა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

მეორე დიდი ტყუილი, რაც განმარტებით ბარათში წერია, არის ის, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო შესაძლოა დაემშვიდობოს კანდიდატის სტატუსს, თუკი ამ კანონს მიიღებს. არათუ მიღება, მისი განხილვაც კი ქმნის იმ საფრთხეს, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ ამ სტატუსს. თვითონ იმ 12 პუნქტშიც კი, რომლის შესრულებაზეც თქვენ აიღეთ ვალდებულება, მინიმუმ 2 პუნქტი ირღვევა.

შემდეგი პუნქტი, რაც ასევე დიდი ტყუილია, არის: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვების უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე, ეს არის აღნიშნული. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ვმუშაობთ ქალების და ბავშვების უფლებების დაცვაზე, რომ ეს კანონპროექტი მოახდენს გავლენას მათზე ცალსახად. თქვენ რას ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ გავლენა არ ექნება? ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ამ ორგანიზაციების გაუქმებას და დახურვას.

შემდეგი საკითხი, რაც ასევე ტყუილია, არის ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, როცა დღეს საქართველოში მუშაობს ამ ეტაპზე მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, დაახლოებით 29 000, რომლებიც დაექვემდებარება რეგულირებას ამ კანონპროექტით და იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ამ ეტაპზე არც ფინანსური შესაძლებლობები და არც ადამიანური, ამ ფუნქციის შესასრულებლად.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილი. ამ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს არ არის ამ კანონპროექტის მიზანი, ამ კანონპროექტის მიზანია ყველა იმ ორგანიზაციის დახურვა, ვინც არ დაექვემდებარება იმას, რომ საკუთარი თავი დაარეგისტრიროს როგორც აგენტი და დაიწეროს, რომ არის აგენტი. ეს არის იმთავითვე გამორიცხული, არავის არ სურს ამ სტატუსის დაწერა და თქვენ ეს იცით. არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვთ", - თქვა ნონა ქურდოვანიძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

მას უმრავლესობის დეპუტატებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ უთხრეს, რომ არასწორია, როცა ამ კანონპროექტებში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვის საფრთხეს ხედავენ.

საპროტეტსო აქცია პარლამენტთან. 6 მარტი, 2023 წელი
ასევე ნახეთ
ამერიკულ კანონში აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება პარტნიორებზე არ ვრცელდება, რაც თარგმანში გამოტოვეს - პლატფორმა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...