Jump to content
Planeta.Ge

თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი, მე ვყოფილვარ მტერი საქართველოსი - ნინო ჩხობაძე


"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით მოახერხეს გარემოსდაცვითი სივრცის შექმნა, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები კი მათ საქართველოს მტრად აცხადებს. ჩხობაძის თქმით, კანონპროექტები არც გამჭვირვალობის ელემენტს პასუხობს.

"მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი. იმიტომ, რომ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით, ძალიან ბევრი დონორი გასულა ჩემს ხელში და ჩვენ შევქმენით დაცული ტერიტორია, გარემოსდაცვითი სივრცე... პირველი დარტყმა ვნახულობთ, რომ რუსეთის ფედერაციაში გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღო და ეს კანონპროექტები კარგად რომ წაიკითხოთ, პირდაპირ ჩანს შიგნით, რომ თქვენ შეეცდებით გაგვაჩუმოთ... ახლაც მაჩუმებთ", - თქვა ნინო ჩხობაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კი მას უპასუხა, რომ კანონპროექტები ვინმეს საქმიანობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს და წინ ვენეციის კომისიის განხილვებია.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...