“გაურკვეველი კანონპროექტი” – “ოცნების” მთავრობის ყოფილი მინისტრი და ელჩი
“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა.
“ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარდგება. ოთხი წლის წინ, როცა ITB Berlin-ის ხელმძღვანელობასთან მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დავიწყე, მაშინ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკოსები საუბარს ერიდებოდნენ.
ძირითად მიზეზად კი სახელდებოდა ის, რომ მათი მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერდა. ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენის იდეა მხოლოდ ერთ მიზანს ემსაუხრებოდა, გაგვეცნო ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობა, ისტორია და კულტურა გერმანიის (ევროპის) მოსახლეობისთვის. მთავარი გზავნილი კი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.
გასულ წელს რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც გააჩინა შანსი დაუახლოვდეთ ჩვენ ისტორიულ მიზანს, გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.
ჯერ კიდევ გასულ წელს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადავადებულიყო. დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან. უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე, რაც ქვეყნის დაუცველობას და განვითარების პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს”, – წერს ხოკრიშვილი.
ხოკრიშვილი 2012-2014 წლებში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი. 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2018 წლიდან 2020 წლამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.