Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია, ოცნებამ კი მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა


ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა., - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ხალხმა მხარე უნდა აირჩიოს.

"ჩუმად ვერ იქნები. ხვალინდელ, უკეთეს საქართველოში თითოეული ჩვენგანის ადგილი იმის მიხედვით განისაზღვრება, როგორია ჩვენი პოზიცია დღეს.
2007 წლიდან 2021 წლამდე საჯარო სამსახურში გავატარე. ამერიკელების და ევროპელების დახმარებით გახდა შესაძლებელი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რამაც უამრავ არასრულწლოვანს მისცა ნასამართლობის გარეშე ცხოვრების და რესოციალიზაციის შესაძლებლობა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა, რამაც სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის მეტნაკლებად გაზრდაში; ელექტრონული სამაჯურების დანერგვა, რამაც შესაძლებელი გახადა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ბრძოლა; წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც დაკავების ადგილებში შექმნა ღირსეული პირობები და ადამიანებს გაუჩინა დაცულობის მეტი განცდა.
რომ არა დასავლეთი, შეუძლებელი იქნებოდა პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს რეფორმები, უწყებების ტექნიკური აღჭურვა და თანამედროვე სისტემებად გარდაქმნა. და ეს მხოლოდ ძალიან მცირედი ჩამონათვალია.
ამ საქმეში ბევრი ადამიანი მახსოვს ჩემთან ერთად და რატომ ხართ დღეს ჩუმად? თუ თვლით, რომ მტერი გვეხმარებოდა? ან ამ სიჩუმის პირობებში, როგორ აპირებთ ხვალ კონფერენციებზე ჯდომას და დონორული დახმარების მიღებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მოგიწოდებთ, რომ ხმა ამოიღოთ, მაღალი, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მაინც. უბრალოდ დღევანდელი სიჩუმით გამოწვეული სირცხვილის გრძნობა არ მოგასვენებთ.
აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე პარლამენტიდან, რომლებიც პარტიონრებთან პირად საუბრებში თავს პრო-დასავლელებად ასაღებთ, ხელს ივანიშვილისკენ იშვერთ და ამ დრომდე არათუ ხმა არ ამოგიღიათ, აუღელვებლად დაუჭირეთ მხარი კანონპროექტებს. როგორ აპირებთ ამ სირცხვილის ტარებას?", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...