Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა


პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა.

„პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები,  სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავდნენ.

ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა.

„პუბლიკისთვის“ ცნობილია, რომ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ აცნობეს სხვა მედიაორგანიზაციების თანამშრომლებსაც.


1 მარტიდან პარლამენტში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდა.

წესების მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება დასაშვებია პარლამენტის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, თუ ჟურნალისტი დაარღვევს შემდეგ წესებს:

  • ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
  • არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
  • დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს;
  • სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს;
  • სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით.

დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...