რომც გჯეროდეს, რომ შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას იწვევს, უკან უნდა დაიხიო – რისმაგ გორდეზიანი
„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
„ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში.
„ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ფაქტს. შეიძლება საზოგადოების ნაწილმა აღიქვას ცუდად. როდესაც ყველა უცხოური წყარო გეუბნება, გთხოვ, შეიკავე თავი ამ კანონის მიღებისგან, მე პირადად, გავუწევდი ამას ანგარიშს და მერე დავფიქრდებოდი, რატომ? რაშია საქმე? თუ ამჯერად არ მაქვს ეს ყველა საფრთხე გააზრებული, დავფიქრდებოდი, რატომ ხდება ეს ასეთნაირად. ჩემი აზრით, ეს არის, ფაქტობრივად, არასათანადო დროს არასათანადო კანონის წამოყენების შედეგი“, – უთხრა რისმაგ გორდეზიანმა „ნეტგაზეთს“.
კითხვაზე, ამ კანონპროექტის მიღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს, შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოძახილად, რისმაგ გორდეზიანი პასუხობს:
„მე არ მინდა ეს დავუკავშირო რუსეთის კანონს. რუსეთში აბსოლუტურად სხვა შედეგები ჰქონდა. თქვენ იცით, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთში ადამიანი რომ გამოვიდეს, შეიძლება 15 წელი ციხეში ჩასვან ამის გამო. მე არ მგონია, რომ ჩვენი კანონი ამ საფრთხეს რაღაცნაირად შეიცავდეს… მაგრამ ფაქტი ერთია, მე არ შემიძლია მოვიწონო რაღაც, რომელიც არ მოსწონს ჩვენს ყველა კეთილისმოსურნე სახელმწიფოს. ეს არ შემიძლია მოვიწონო. ჩავთვლი, რომ მე რაღაცაში ვცდები, მე თუ მომწონს [მარტო], რაღაცაშია საქმე. არ შეიძლება, რომ ჩემი ყველა კეთილისმოსურნე ჩავთვალოთ არაკეთილისმოსურნეებად“, – ამბობს რისმაგ გორდეზიანი.
როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება და რა შეიძლება მოქალაქეებმა გააკეთონ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ კანონმდებლები ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ, ჰკითხა „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს.
„მე არ მგონია, რომ ისეთი წინდაუხედავები იყვნენ პარლამენტში, რომ არ გრძნობდნენ, საზოგადოებაში როგორი დამოკიდებულება არის ამ კანონის მიმართ.
სიმართლე გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ამ კანონის მიღება არ მოხდება. ამაში ვარ დარწმუნებული. გუშინ კამათს ვუსმენდი [საკომიტეტო მოსმენას], რა აზრიც იქნა წამოყენებული [სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძის მხრიდან], რომ „ნუ ეცდებით, პირველი მოსმენით მივიღოთ, ჩავთვალოთ, რომ შედგა კამათი და გავაგზავნოთ ეს ტექსტები ვენეციის კომისიაში“. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიიდანაც მოვა დაახლოებით იგივე, რაც ახლა მოდის სხვადასხვა უცხოური წყაროდან ჩვენთან ამ კანონის მიმართ. თუ ვენეციის კომისიიდან ასეთი რაღაც მოვიდა, მაშინ ცხადია, რომ ვერავინ ვერაფერს ვეღარ იტყვის და უკან გაწვევა უნდა მოხდეს.
ამ კანონის გამო ქვეყანაში არეულობა დაიწყოს და რაღაც ემოციურ კრეტინიზმში გადავიდეს ეს ყველაფერი, მე, მაგალითად, არ მიმაჩნია გამართლებულად“, – გვითხრა რისმაგ გორდეზიანმა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.