Jump to content
Planeta.Ge

როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?


"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ იქნება ამერიკული კანონის ექვივალენტი. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი სანდერსონს ამერიკული ფარას არსზე და მიზნებზე ესაუბრა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განმარტება

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი 1938 წელს მიღებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე ["ფარა"] ამბობს, რომ "უცხოური მთავრობები უწყვეტად ეწევიან ძალისხმევას გავლენა იქონიონ ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოებრივ აზრზე. ეს მთავრობები ზოგჯერ ახდენენ ამ გავლენას ლობისტების, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალების, ცნობილი ბიზნესმენების ან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებით. ასეთი მცდელობები კანონიერია - თუ ისინი გამჭვირვალეა".

"უცხოეთის აგენტი" - წარწერა ირკუტსკში, "ბაიკალის ეკოლოგიური ტალღის" ოფისზე, 2015 წელი
"უცხოეთის აგენტი" - წარწერა ირკუტსკში, "ბაიკალის ეკოლოგიური ტალღის" ოფისზე, 2015 წელი

კანონი სთხოვს უცხო ქვეყნის მთავრობების ან სხვა უცხოელი მმართველების სახელით მომუშავე პირებს, გაამჟღავნონ საკუთარი ურთიერთობები უცხოელ მმართველებთან და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების შემთხვევაში მიზანმიმართულად არ დარეგისტრირდებიან და დაარღვევენ ამ კანონს, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ამ გავლენების თავიდან ასაცილებლად, "ფარა" "ეხმარება ამერიკელ ხალხს და მათ არჩეულ ოფიციალურ პირებს გააცნობიერონ, თუ ვინ დგას სინამდვილეში ასეთი გავლენის მოქმედების უკან".

საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი

"ხალხის ძალის" მიერ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, მათი და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" განცხადებით, ამერიკული "ფარას" მსგავსია. კანონპროექტის სპონსორები ასევე აცხადებენ, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულის უფრო მსუბუქი "ნათარგმნი" ასლია. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებით მთავრობა კრემლის სახელმძღვანელოდან იმეორებს იგივე ნაბიჯებს ქვეყანაში თავისუფალი აზრის ჩასახშობად. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ არ მიიღოს ეს კანონი, რომელიც რუსულს უფრო ჰგავს, ვიდრე ამერიკულს.

ვინ არიან "უცხოეთის აგენტები" ამერიკაში
 EMBED SHARE
The code has been copied to your clipboard.
 

 
 

No media source currently available

 
0:000:09:570:00
 
 ბმული 
 

იურისტის განმარტება:

ბატონო მეთიუ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. თუ შეიძლება აგვიხსნათ, რას წარმოადგენს უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი შეერთებულ შტატებში. როგორ და რატომ დაიწყო ის და რა არის მისი მიზანი?

დიახ, უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი იგივე „ფარა“, შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის წინ ამოქმედდა. პირველ რიგში მისი მიზანი იყო ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდისტებისთვის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებიც აქტიურობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ. კანონის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამოავლინოს ისინი, ვინც შეერთებული შტატების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე უცხო მთავრობების და პოლიტიკური პარტიების სახელით, გავლენის მოხდენას ცდილობენ.

შაჰინი: ეს კანონი არ არის ამერიკულის მსგავსი, ის რუსულის ანარეკლია
 EMBED SHARE
The code has been copied to your clipboard.
 

 
 

No media source currently available

 
0:000:08:160:00
 

მათ მოეთხოვებათ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში შეიტანონ ანგარიშები და მთავრობას მათი საქმიანობის შესახებ მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია, სანამ არ დასრულდება ასეთი წარმომადგენლობა ან აგენტის სტატუსი. კანონი ამერიკაში უკვე 80 წელზე მეტია არსებობს, თუმცა მთავრობა მას მხოლოდ ეპიზოდურად იყენებს და ძალზე ფრთხილად აღასრულებს. ეს იმის გამო, რომ ხელი არ შეეშალოს კონსტიტუციის პირველ შესწორებას და სიტყვისა და ასოცირების თავისუფლებას. იმან, რომ ეს ძველი კანონია და ძალიან ბუნდოვნად არის დაწერილი, შეერთებულ შტატებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, რომ არ შეზღუდულიყო ადამიანის თავისუფლებები მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი კანონს ძალიან ფრთხილად აღასრულებს.

თქვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ახსენეთ. ერთი არის აღსრულება. იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ბოლო წლების რამდენიმე საქმე მოცემული და თითოეული მათგანი ძალიან მასშტაბურია. შეგიძლიათ ცოტა მეტი ისაუბროთ ფარას“ აღსრულების ასპექტზე?

იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს გამოავლინოს ინდივიდუალური პირები, ლობისტური კომპანიები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმები, რომლებიც მუშაობენ, ასე ვთქვათ, რადარის ქვეშ, ფარულად, სხვა ქვეყნის მთავრობის ან პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე იმ მიზნით, რომ შეცვალონ შეერთებული შტატების პოლიტიკა ან საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ავიწყდებათ დარეგისტრირება, ან განზრახ არ დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევებში დეპარტამენტი მათ აიძულებს დარეგისტრირდნენ და მათ მიმართ სამართლებრივ დევნას არ იწყებს. თუმცა, თუ ეს დარღვევა მიზანმიმართულად ხდება, იუსტიციის დეპარტამენტმა მათ შეიძლება სასამართლოში უჩივლოს. ეს ძალიან იშვიათად ხდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური პირი ან ფირმა პოლიტიკურ კამპანიებს ფულს სწირავს, ან საქმე ეხება რაიმე ფულის გათეთრების რაიმე მასშტაბურ სქემას. როგოც წესი, „ფარა“ მაშინ ამუშავდება ხოლმე, როცა საქმე დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება.

„ფარას“ ასევე აქვს კონტრდაზვერვის განზომილებაც, არა?

დიახ ასეა. “ფარა“ უბრალოდ გამოვლენისკენ მიმართული კანონმდებლობაა იმ მიზნით, რომ გამოავლინოს ძალისხმევა, რომელიც მაგალითად, ამერიკის საელჩოს, ან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გვერდის ავლით, ცდილობს ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. ის არ ეხება ნებისმიერ საქმიანობას, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, ცდილობს გამოავლინოს ისეთი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა და ასევე ცდილობს შეცვალოს შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი უცხო ხელისუფლების ან სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე დაყრდნობით.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კანონი ძალიან ფართო და ბუნდოვანია. ამის გათვალისწინებით, როგორ განსაზღვრავს შეერთებულ შტატების მთავრობა იმას, თუ რა არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა?

ზოგადად რომ ვთქვათ, კანონი არ შეხებია იმ არაკომერციულ ან სხვა სუბიექტებს, რომლებმაც შეიძლება მიიღოს სახელმწიფო გრანტები საზღვარგარეთიდან. მოდით ვთქვათ, რომ მაგალითად, ევროკავშირი ფულს აძლევს ამერიკაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კომპანიას „ფარას“ რეგისტრაცია მოეთხოვოს და მითუმეტეს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მაგრამ, ეს საჭირო გახდება, თუ უცხოური მთავრობა ამერიკულ არასამთავრობო კომპანიას, ან ლობისტურ თუ პიარ ფირმას ფულთან ერთად კონკრეტულ ინსტრუქციებსაც აძლევს, რომ საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობის ნაცვლად, ეცადოს კონკრეტული კანონპროექტების გატანას, ან ამერიკის მთავრობის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე დაყოლიებას, ან ფულის გადამხელი მთავრობის ამერიკაში უფრო დადებითად წარმოჩენას. ასე რომ მხოლოდ გრანტის ან დაფინანსების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მარეგულირებელი ან სასამართლო ყურადღება მიექცეს.

თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია უხცო ქვეყნის დაფინანსებას ან გრანტებს იღებენ? რა შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტად?

იუსტიციის დეპარტამენტი კონკრეტულად ამბობს, რომ უცხო ქვეყნიდან მიღებული მხოლოდ დაფინანსება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ „ფარა“ ამოქმედდეს. ამის მთავარი მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების სამიზნედ ქცევა, ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მთავრობა ამ საკითხს ძალიან ფრხილად უდგება. თქვენ იცით, რონ „ბი-ბი-სი“უცხო ქვეყნის მთავრობის - დიდი ბრიტანეთის მიერ ფინანსდება, მაგრამ ამის მიუხედავად მას უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირება არ სჭირდება. საქმე სხვაგვარად უნდა იყოს, მაგალითად, როგორც ეს „არ-თის“ (ყოფილი „რაშა თუდეი“) და რუსეთის მიერ დაფინანსებულ სხვა ქსელებთან დაკავშირებით მოხდა. ეს არის ფულს პლუს სარედაქციო პოლიტიკა, როცა უცხო ქვეყნის მთავრობისგან მედიაში მოდის კონკრეტული საუბრის თემები და აქცენტები. ასეთ შემთხვევაში მედია ვალდებულია დარეგისტრირდეს და იგივე ეხება არასამთავრობო სექტორსაც - მხოლოდ ფულის მიღება არ არის რეგისტრაციის საფუძველი, თუ ფულს ინსტრუქციები არ მოჰყვება ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.

შეგიძლიათ მოკლედ ისაუბროთ ლობირებაზეც? ლობირება, რა თქმა უნდა, ამ კანონდებლობის დიდი ნაწილია. გვითხარით, რით განსხვავდება ლობისტური საქმიანობა რაშა თუდეის“ ან „სპუტნიკის“ საქმიანობისგან, რომლებიც ისევე უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც ლობისტები.

ლობირებამ შეიძლება მოითხოვოს რეგისტრაციის გააქტიურება იმის გამო, რომ შესაძლოა ის ცდილობდეს შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა რაიმე მიმართულებით და ამისთვის აწარმოებს ლობისტურ საქმიანობას. ეს რეგისტრაციის ერთ-ერთი გზაა. მაგრამ „ფარა“ ცოტა უფრო ფართოა და ის პროპაგანდისტული ძალისხმევის გამოსავლენად უფროა მიმართული. რა თქმა უნდა, კანონი დიდი ხნის წინ დაიწერა და ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან გულდასმით ცდილობს, არ მოხდეს ამ კანონის ზედმეტად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად. ეს საერთო სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია.

უნგრეთსაც ჰქონდა მსგავსი კანონმდებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში შეიცვალა. საინტერესოა, რომ ყოველთვის, როცა ვინმე უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის კანონის მიღებას ცდილობს, ამიერიკის უცხო ქვეყნის აგენტის კანონს მოიშველიებენ ხოლმე და ამბობენ, რომ მათი კანონი ამერიკულის მსგავსია. თუმცა, ისინი გამოტოვებენ ხოლმე იმ მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, იქნება ეს ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, პირველი შესწორების თუ სხვა დემოკრატიული პრინციპების დაცვა. გახსენდებთ თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა სასამართლომ იუსტიციის დეპარტამენტის საქმე არ მიიღო იმ მიზეზით, რომ ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ, კონსტიტუციის პირველ შესწორებას არღვევდა?

დიახ. ასეთი შემთხვევები არსებობს. ეს თემა უკავშირდება იმას, თუ რას მოითხოვს „ფარა“, რაც არის ის, რომ ის უწყებები დარეგისტრირდნენ, რომლებსაც რეგისტრაცია ეხება. „ფარას“ არ მოჰყვება განმეორებადი ჯარიმები ამ უწყებებისთვის. აგენტად დარეგისტირირების შემთხვევაში, არ არსებობს ამ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმები. ეს არის კანონი - საქმიანობის გამოსამჟღავნებლად. ბოლო დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლოებმა შეწყვიტეს ამერიკის მთავრობის მიერ შეტანილი საქმეები. მაგრამ ეს, როგორც წესი, ძალიან იშვიათია, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან შერჩევითია სასამართლოში საქმეების გაგზავნაზე. როდესაც ასეთი საქმის გაგზავნა ხდება, ისინი მეტწილად, არა მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ კრიმინალური საქმიანობის აღკვეთისკენ, იქნება ეს ფულის გათეთრება, პოლიტიკურ კამპანიებში უკანონოდ ფულის შეწირვა და სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობა, რომელსაც შემდგომ სამართლებრივი დევნა მოჰყვება.

„ფარას“ ერთ-ერთი განსაზღვრება ამბობს, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მტრულ გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული. თქვენ როგორ აფასებთ ამ განმარტებას?

ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეების მიმართ პრიორიტეტი უფრო მაღალია. ვფიქრობ, შეზღუდული რესურსების პირობებში დეპარტამენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მოწინააღმდეგე მთავრობებს, როგორიცაა ჩინეთი, როგორიცაა რუსეთი, რომლებიც შეერთებულ შტატებში მტრული მიზნებით მოქმედებენ.

თქვენ ახსენეთ რუსეთი და ჩინეთი. რუსული კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტები არიან რუსული სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყანაში დემოკრატია სურთ, ასევე დასავლური მედია სუბიექტები. რს იტყვით რუსულ და ამერიკულ კანონმდებლობას შორის არსებულ განსხვავებებზე და მსგავსებაზე?

შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შექმნის ფუნდამენტური მიზანი ის არის, რომ აცნობოს საზოგადოებას უცხოური მთავრობების და პოლიტიკური პარტიების მიერ, მათზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მისი სამიზნე არასდროს ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება. რამდენადაც მე მესმის ამ კანონის რუსული ვერსია, მისი მიზანი სწორედ სიტყვის თავისუფლებისა და იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებაა, იმ ორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ რუსეთში დემოკრატია გააძლიერონ.

რამეს ხომ არ დაამატებდით ისეთს, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია და თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიისთვის?

უბრალოდ ვიტყოდი, რომ შეიძლება არსებობდეს მცდარი მოსაზრება, რომ თუ კანონმდებლობის ტექსტი იგივეა, ან გარკვეულწილად ჰგავს შეერთებული შტატების კანონს, ის ვერ იქნება მისი ეკვივალენტური თუ არ მოხდა მთლიანი სურათის და კანონის ისტორიის გათვალისწინება. ამასთან იმისიც, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ძალიან შერჩევითია სასამართლოში საქმეების გაგზავნის თვალსაზრისით და ამას სწორედ სიტყვის თავისუფლებისადმი და სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღისადმი მგრძნობელობით აკეთებს.

ამასთან ერთად, ამ უფლებების დაცვაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემაც ზრუნავს, არა?

დიახ, სწორედ ასეა.

ამერიკის ხმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...