უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს
ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან დანაშაულების დროულად გამოძიებისათვის.
ამავე თემაზე ისაუბრა უკრაინის პირველმა ლედიმაც. მან ლვოვში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ოლენა ზელენსკას თქმით, უკრაინის პროკურატურა ომის დროს ჩადენილ სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს.
„ვერდიქტები რუსების მიერ ჩადენილი გაუპატიურებებისთვის საჭიროა, როგორც პრეცედენტი, რომ ყველა პოტენციურმა აგრესორმა, ნებისმიერმა კოლექტიურმა მოძალადემ მსოფლიოში იცოდეს, რომ ასეთი რამ დაუსჯელი არ დარჩება. ეს უნდა იყოს ასევე მაგალითი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მიანიშნებს აგრესორთან დათმობაზე წასვლისკენ. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა დამპყრობლებისგან და ეს არა მხოლოდ იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რათა გვსურს დავუბრუნდეთ საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში, არა, ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიებისთვის ან კვადრატული კილომეტრებისთვის, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მიწა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას მართავენ მოძალადეები და მკვლელები. ვიდრე ისინი იქ რჩებიან, ძალადობა გრძელდება“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.