Jump to content
Planeta.Ge

გერმანული მედია - გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს


გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 Panther-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გამოუშვებს.

მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებით.

„დასავლელი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას აწვდიან, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, მაგრამ ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა დღეს უკრაინას არ აქვს“, – ამბობს კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელი.

მისივე მოსაზრებით, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რამდენიმე წელი დასჭირდება და აუცილებელია, სამხედრო ტექნიკის წარმოება უკრაინაში დაიწყოს.

პაპერგერის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვებისთვის 600-დან 800 ტანკამდე დასჭირდება.

როგორც გერმანული კონცერნის ხელმძღვანელი აცხადებს, უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი იყო და უკრაინაში ტანკების ქარხნის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს 2 თვეში უნდა იყოს მიღებული.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...