სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ინიციატორებს რუსული კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ
სათეატრო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს პეტიციით ეხმაურებიან.
პეტიციას ხელს 129 ადამიანი აწერს, მათ შორის, ხელმომწერებში რობერტ სტურუას სახელი და გვარიცაა.
შესწორება: მასალაში ნათქვამი იყო, რომ პეტიციას ხელს აწერს რობერტ სტურუა, რადგან მისი სახელი და გვარი ხელმომწერებს შორის ნამდვილად არის. „პუბლიკა“ შეეცადა გადამოწმებას ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას. თეატრის დირექტორი გია თევზაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ რობერტ სტურუას ხელი არაფერზე მოუწერია.
თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.
„თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.
მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ, “- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.