Jump to content
Planeta.Ge

კობახიძე ირწმუნება, რომ „აგენტებზე“ კანონი პოლარიზაციას დაამარცხებს


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტის შედეგი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იქნება, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის პირველია.

ირაკლი კობახიძის აზრით, პოლარიზაციას ბუნდოვანება განაპირობებს, რომელიც მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ აღმოიფხვრება:

„საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს ამ კანონპროექტის, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება, მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში, ეს არის დეპოლარიზაცია. თქვენ ხედავთ, რომ დეპოლარიზაცია არის ის პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. კანონები შეიძლება მიიღო და მივიღეთ ეს კანონები, ორზე ველოდებით დასკვნას, ომბუდსმენიც შეიძლება ავირჩიოთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზეც შეიძლება რაღაც რესურსი არსებობდეს, მაგრამ ერთი პუნქტია, სადაც პროგრესი არ ჩანს.

არათუ პროგრესი არ ჩანს, არამედ არის მუდმივი მცდელობა, იყოს რეგრესი იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს საუბრობდნენ ევროპაზე მაღალ რეგისტრში. ეს ხომ ფარისევლობაა, სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ პირველი პუნქტის შესრულებას. ამას აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ამას აკეთებენ ასევე მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. რამდენიმე შემთხვევა იყო, იგივე სახალხო დამცველის არჩევისას ხშირად იყო ვითარება, როდესაც მივდიოდით გარკვეულ შედეგამდე და ჩამშლელების როლში პირველ რიგში გამოდიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ დეპოლარიზაციის ამოცანას“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ყველაფერში გარკვეულ სიცხადეს“ შეიტანენ, ამას პრევენციული ხასიათიც ექნება და „ვიღაცები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებაში“. კობახიძის თქმით, პოლარიზაციის დასრულებას საქართველოსგან ისინი ითხოვენ, ვინც თავად აფინანსებს ამ პოლარიზაციას:

„პოლარიზაციას რაც განაპირობებს, ერთ-ერთი არის ბუნდოვანება. ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და მეორე მხრივ, ვიღაცა აფინანსებს ამ პოლარიზაციას იგივე სუბიექტი ხანდახან. ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორც კი შევიტანთ გარკვეულ სიცხადეს ყველაფერში, მე მგონია, პრევენციული ხასიათი ექნება ამ ყველაფერს.

ვიღაცები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან. საზოგადოება ხომ დაინახავს ამ ყველაფერს. აქამდე ეს თემა არ გაგვიშლია/ მაგალითად, იმაზე არ გვისაუბრია, რომ ვიღაცა თან გთხოვს დეპოლარიზაციას, თან გიფინანსებს პოლარიზაციას. ეს თემა რომ გამოვიდა სააშკარაოზე და ხალხმა მიიღო ინფორმაცია, ამასაც ექნება პრევენციული ეფექტი. ვიღაცას აღარ ენდომება პოლარიზაციის მხარდაჭერა, მისი დაფინანსება და ეს, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...