„აგენტებზე“ კანონპროექტები ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს - გამომცემელთა ასოციაცია
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას. მათივე განცხადებით, კანონპროექტების განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს იმიჯს.
„ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით.
საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს.
მოვუწოდებთ ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად დააჩნდება თითოეული თქვენგანის ბიოგრაფიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას“, – აცხადებს წიგნის გამომცემელთა ასოციაცია.
დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრინციპების დონეზე უნდა განიხილონ, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტი. კანონპროექტები რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის ანალოგია და მისი მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა.
კანონი „აგენტის” იარლიყს აკრავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უშვებს აუდიტის მიერ ორგანიზაციებში შენახული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ასევე „ანონიმური” წერილების საფუძველზე ინსპექტირების დაწყების შესაძლებლობას.
ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.